კვირა დასვენების დღეა. ისტორიული გამონაკლისი აღმოჩდა 30 ნოემბერი, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ერთი მხრივ ჩვეულებრივი ამბავია, მეორე მხრივ - დასაფასებელი, ჩვენი ჩახლეჩილი ხმა არასოდეს აღწევდა მათ სახლებამდე, მათი საძინებლის კედლები ხმაგაუმტარი და ტყვიაგაუმტარია. ახლა კი ისინი თავად მოვლენ ჩვენთან და მოგვისმენენ. ადრეც გვისმენდნენ და მომავალშიც ასე იქნება. მთავარია ჩვენ ერთსულოვნები ვიყოთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი ტკივილი და სიხარული.
მოქმედი დეპუტატის ერთი დღე
(რადიოშიშინის ფონზე მოსასმენი გალობა)
რომ გაიღვიძა არ ისადილა,
პარლამენტისკენ აიღო სტარტი,
კვირაა, მაგრამ მაინც მუშაობს
ტანფუმფულაა ეს დეპუტატი.
ხმის მისაცემად ბოტოტა თითებს
თავდაჯერებით მიაჭერს ღილაკს,
სიზმარში ხშირად ნახულობს პანკისს
ჯაზს უსმენს, მაგრამ ის როკის გვირაბს
ბევრჯერ ახსენებს, რადგანაც ჯერა
რომ დაიბრუნებს სოხუმს და ცხინვალს,
ტაძარშიც მაშინ ლოცულობს, როცა
კამერების წინ ესწრება წირვას.
მან უწმინდესის ყველა ნაოჭი
ზეპირად იცის და ხელის მტევანს
ეამბორება არჩევნების წინ
და მრევლის გვერდით მრევლივით ღელავს.
დღეს მღელვარება ბუნებრივია,
მას უდიდესი აწევს მისია,
ის მხოლოდ ხალხის საკუთრებაა
არავის არ სცნობს, არავისია.
თეთრი გედივით მიაპობს სივრცეს,
ყველაზე რთული კორიდორია
იმ პარლამენტის, რომელშიც დიდხანს
რომ უნდა დარჩეს ორჯერ ორია..
ვეტო დაედო იმ კანონ პროექტს
რომლის მიხედვით ხალხის მოსმენა
მხოლოდ შსს-ს უფლება არის
და დაგვაკისრეს ამის მოთმენა.
რადგანაც ვიცით შსს-ს გარდა
ჩვენ ღმერთიც გვისმენს, მერე გვიფარავს
დეპუტატი კი წესიერია
ჩვენთვის შრომობს და ფულს არ იპარავს.
მივმართავ არასამთავრობოებს:
კრიტიკას უნდა დასაბუთება,
ის სავარძელზე ფულისთვის არ ზის
უბრალოდ ცივი ტრაკი უთბება.
დეპუტატი კი უახლოვდება
გალავანივით ოვალურ დარბაზს,
როდესაც ოპოზიციას ხედავს
დაემსგავსება დაგეშილ ნაგაზს.
რაღაცნაირად წამოწითლდება
ნერვიულობს და იცვლის მიმიკებს,
ზოგჯერ ბავშვივით ბრაზიანია
ოპონენტებზე როცა ქილიკებს.
ეს ქილიკი ხომ ბუნებრივია
თუ დისკუსია ეხება ,,9 წელს’’,
ის ხომ მეორე წელია მეფობს
და ორი წელი ცხრასავით აწევს.
მან მოიხადა პირწმინდად ვალი
რა დროს ზიზღი და რა დროს ღვარძლია,
და სიღარიბის დაძლევის ნაცვლად
მან პრეზიდენტის ვეტო დაძლია.წყარო http://blogs.liberali.ge/
მასალის გამოყენების პირობები