ტელეკომპანია “GDS” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საერთო მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერებით მიმართა. როგორც ცნობილია ტელევიზიას გასართობი არხის ლიცენზია აქვს, თუმცა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაკეთდეს საერთო მაუწყებლის ლიცენზია უნდა მიიღოს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი მისი ოჯახის კუთვნილ არხზე თოქ- შოუს გაკეთებას გეგმავდა, თუმცა როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომიის განცხადებიდან ხდება ცნობილი, არხი საერთო მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზად არ არის, შესაბამისად დაანონსებულ თოქ-შოუ, რომელიც დეკემბერში უნდა გასულიყო, წელს ეთერში აღარ გავა.
”27 ნოემბერი, 2014 | 18:42 შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ლიცენზიის მოდიფიცირების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეწყდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეაჩერა.
კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დასაბუთებული მოთხოვნის გათვალისწინებით 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომპანიის კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მიზნით. კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება.
კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს კომისიაში.” ნათქვამია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის განცახდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






