„არა ოკუპაციას, არა ანექსიას“, - ამ ლოზუნგით დღეს სამეგრელოში საპროტესტო აქცია ჩატარდა. პროტესტის გამოსახატავად სიმბოლურად ენგურის ხიდი შეირჩა. აქციის მსვლელობისას მონაწილეებმა ფრანებიც გაუშვეს.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვით საქართველოს რუქა ააწყვეს და ასე გააპროტესტეს საქართველოს ისტორიული რეგიონის, აფხაზეთის ოკუპაცია. არსებულ პრობლემაში, საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს.
საზოგადოება საქართველოს მმართველ გუნდს რუსეთთან მიმართებით უმოქმედო პოლიტიკაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩუმი და შერჩევითი პოლიტიკით, ისინი კრემლის პოლიტიკას უწყობენ ხელს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად საკმარის განცხადებებს არ აკეთებენ საერთაშორისო დონეზე. ისინი დღეს ჩატარებულ აქციას „მსოფლიოს გადაძახილს“ უწოდებენ.
მთელი დღის განმავლობაში, აქციის ფარგლებში 150-მდე ავტომობილი დროშებითა და შესაბამისი ლოზუნგებით მოძრაობენ. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებული იყო, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც და ენგურის ხიდზე გადმოსულებიც შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






