"საქართველოს რკინიგზა" თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს რკინიგზა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმს, რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება. საქართველოს რკინიგზაში პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთ სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორატიულ - სოციალურ პოლიტიკას და მის კონსტრუქციულ ნაბიჯებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ( იხ. დანართი:1 ) აღნიშნული ორი პუნქტის გამო პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილს.
მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სრული გაგებით ეკიდება მისი თანამშრომლების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტის ამ ფორმას და გამოთქვამს მზაობას გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს ეს პროცესი, რაც ადასტურებს მის პროგრესულ ხედვას მსგავსი ტიპის პროცესებთან მიმართებაში. მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ გაფიცვის ორგანიზატორები დაიცავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ასევე პატივს სცემენ და არ დაარღვევენ რკინიგზის მომხმარებლებისა და თავიანთი არაგაფიცული კოლეგების უფლებებს. კანონის და პროცედურების სრული დაცვით აწარმოებენ თავიანთი პროტესტის გამოხატვის პროცესს.
აქვე გვინდა ვაცნობოთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, რომ გაფიცვის მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე (საქართველოს რკინიგზაში 12 682 ადამიანია დასაქმებული) საქართველოს რკინიგზა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხით და არანაირ შეფერხებას რკინიგზის სამუშაო პროცესის არცერთ კომპონენტში ადგილი არ ექნება.
დანართი: 1
სს საქართველოს რკინიგზა
2013-2014 წლებში რკინიგზელების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
გადადგმული ნაბიჯები
დღეისათვის „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, 12 682 ადამიანს ითვლის თანამშრომლების რაოდენობა. საქართველოს რკინიგზისთვის განვითარება პრიორიტეტულია, შესაბამისად მისი კორპორატიული პასუხისმგებლობა ყოველწლიურად ვითარდება და უმჯობესდება. საქართველოს რკინიგზის ორ წლიანი მოკლე ანგარიშის შესაბამისად, კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
1) კორპორატიული აქტივობები (მოიცავს როგორც რკინიგზის თანამშრომლებს ასევე მათ ოჯახის წევრებს. მთლიანობაში დაახლოებით 35 000 ადამიანი, წლიური ხარჯი დაახლობით 8 მლნ ლარი)
· დაზღვევა ყველა თანამშრომლისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის - გაუმჯობესებული პაკეტი წლიდან წლამდე;
· უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული მატერიალური დახმარება - რკინიგზელების და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება სადაზღვეო პაკეტის ზევით;
· პერსონალის ლოიალურობის ამაღლების პროგრამების ფარგლებში გაცემულმა დანამატმა დაახლოებით შეადგინა 1 063 611 ლარი.
1.შვილის შეძენა;
2.შვილის პირველ კლასში შესვლა;
3.შვილის მიერ სკოლის ოქროს მედალზე დასრულება;
4.რკინიგზელის საიუბილეო თარიღი;
5.რკინიგზელების შვილებისთვის აბიტურიენტების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრები სამტრედიასა და ხაშურში
· დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 3 თვის განმავლობაში.
· მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პროგრამა - რკინიგზელების სწავლების დაფინანსება საქართველოში და უცხოეთში.
საქართველოს რკინიგზა აფინანსებს თანამშრომელთა სწავლას საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან და სპეციალიზირებულ უნივერსიტეტებში. 2013-2014 წლებში დაფინანსდა 19 თანამშრომელი, რაზეც დაიხარჯა 55 855 ლარი.
ხაშურისა და სამტრედიის რაიონებში დასაქმებულთა შვილების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით, ხორციელდება სოციალური პროექტები, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულთა აბიტურიენტი შვილები უფასოდ ემზადებიან ინგლისურ ენასა და ზოგად უნარებში. შარშანდელი მონაცემებით გადამზადებულ მოსწავლეთა 90% ზე მეტი სტუდენტი გახდა.
2) სახელფასო ფონდმა 2014 წელს მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს და შეადგინა ჯამურად 139 000 509 ლარი:
ხელფასის სახით გაიცა:
· 2013 წელს 2012 თან შედარებით გაიცა 25 მლნ ლარით მეტი
· 2014 წელს 2013 თან შედარებით 8 მლნ ლარით მეტი
· 2015 წელს გათვალისწინებულია სახელფასო ფონდის 9 მლნ ლარით
ზრდა
გარდა ამისა, 5 241 თანამშრომელბს დაუწესდა ღამის და სადღესასწაულო დანამატები. გაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 872 127,41 ლარი. ასევე დაწესდა მოდერნიზაციის დანამატი 1 248 თანამშრომელზე (გაცემული თანხის ოდენობა შეადგენს 1 397 348.81 ლარს.
3) ახალი სახელფასო და სამოტივაციო სისტემების დანერგვა, საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფის დახმარებით. სისტემა ძალაში შევა 2015 წლის დასაწყისიდან. 2015 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები უკვე გაწერილია, რაც დამატებით 9 მლნ ლარს მოიცავს.
· სახელფასო სისტემის მიზანია კადრებს შეექმნას სათანადო მატერიალური მოტივაცია. ხელფასის მატება კვალიფიკაციის მატებასთან ერთად; სისტემის დანერგვისას თანამშრომლები სახელფასო მატრიცაში გადანაწილდებიან არსებულ ხელფასებზე დაყრდნობით.
· ახალი შეფასების და წახალისების სისტემის კონცეპცია ეფუძვნება ინდივიდუალურ შეფასებასა და შესაბამის წახალისებას. შეფასება განხორციელდება კვარტლურად და ძალიან კარგი შეფასების შემთხვევაში რკინიგზელი მიიღებს კვარტალში დარიცხული ხელფასის 30%.
4) 2014 წლის ბოლოს გაიცემა შობა-ახალი წლის სახელფასო დანამატი, პრემიის სახით ხელფასის არანაკლები 25% ოდენობით.
5) სამუშაო პირობების ნორმალიზება (2013-2014 წლებში დაახლოებით 6 მლნ ლარი დაიხარჯა)
· სველი წერტილების რეაბილიტაცია / რემონტი
· გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟება
· შენობა-ნაგებობების რემონტი
· ხარისხიანი სპეც ტანსაცმლის დარიგება
დღეისათვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯების პარალელურად „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს განვითარებას და ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იქნება შესამჩნევი პოზიტიური ცვლილებები, როგორც რკინიგზის თანამშრომლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






