დავესეხებით გურამ დოჩანაშვილს და გაგაცნობთ ინტერვიუს ქალთან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. „ნიუპოსტი“ შეეცდება გამოგზაუროთ მწერალი ქალბატონის განცდებსა და შეხედულებებში, მის წარსულ ფიქრებსა და სამომავლო გეგმებში.
მარი ბექაური თანამედროვე მწერალთა რიგებიდან იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომლის ნაწარმოებებიც რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი. მწერალი ახალგაზრდა მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს.
-რამდენი წლის იყავით, როდესაც წერის სურვილი გაგიჩნდათ?
-ძალიან პატარა, 6-7 წლის ვიყავი. თავიდან ლექსებს ვწერდი, სასაცილოს. მოთხრობების წერა 13 წლისამ დავიწყე, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან ისინიც ძალიან სულელური იყო.
-ასეთ ასაკში წერა გარკვეულ პრობლემებთან ასოცირდება, ზოგ შემთხვევაში ვითარდება თანატოლებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობაც, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა?
-ცუდი ურთიერთობა არ მქონია არავისთან. ძალიან ცელქი ვიყავი, სულ ყირაზე გადავდიოდი და ხელ-ფეხი ყოველთვის გადაყვლეფილი მქონდა. პრობლემები, რასაკვირველია, იყო. 90-იანებში ვის არ ჰქონდა პრობლემა? მაგრამ იცი, ის ყველაფერი რაღაცნაირად საერთო იყო. საერთო იყო გაჭირვება, უიმედობა. არავის უკვირდა. მაშინ ჩვენ, ბავშვები ვერც ვგრძნობდით. დღევანდელი ბავშვებისგან განსხვავებით არც კომპიუტერები გვქონდა და არც მრავალფუნქციური ტელეფონები, მაგრამ დროს შესანიშნავად ვატარებდით. უფრო ცოცხალი ურთიერთობები იყო. რა თქმა უნდა, ქვეყნის მდგომარეობა და ის სირთულეები ჩვენზეც აისახა. მითუმეტეს, რომ მთავარი ბავშვობის შთაბეჭდილებებია. ცოტათი სევდიანები და ცოტათი მარტოები გავიზარდეთ.
-ფსიქოლოგიის სპეციალობით დამთავრებული გაქვთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესია მივიწყებული გაქვთ თუ ამ საქმითაც ხართ დაკავებული?
-ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს და მაინტერებს. ჩემი სპეციალობა სოციალური და კულტურის ფსიქოლოგიაა. რამდენიმე თვის წინ კვლევა ჩავატარე საზოგადოების დახურულობაზე და საბჭოთა გადმონაშთებზე ხალხის აზროვნებაში. შედეგი არ იყო მთლად კარგი, თუმცა, არც მთლად უიმედო ყოფილა. ჯერჯერობით არ ვთვლი, რომ ჩემს სფეროში სპეციალისტი ვარ. სასაცილოც კია ამის თქმა. ფსიქოლოგია ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და კარგ ფსიქოლოგად ჩამოყალიბებას ბევრი სწავლა, დრო და ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება.
-თქვენი პირველი მოთხრობა, რომელიც გამოაქვეყნეთ იყო „დები“, როგორ დაგვიხასიათებთ მას, რადგან ვიცით, რომ პირველი გამოქვეყნებული ნამუშევარი მაინც ტკბილია, თან ისეთი ტკბილია, რომ ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა ბრიტანეთსა და ამერიკაში.
-„დები“, ფაქტობრივად, ჩემი დებიუტი იყო ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. ბევრს მოეწონა, თან ძალიან, მაგრამ სიმართლე გითხრა, მე დიდად არ მომწონს ეს მოთხრობა. მგონია, რომ უკეთესი მოთხრობები მაქვს, თუმცა „დები“ დაამახსოვრდათ. „დები“ ოთხ ქვეყანაში დაიბეჭდა. დაახლოებით ერთი წლის წინ გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, რომელსაც რადიოში ლიტერატურული გადაცემა აქვს და შემთხვევით წაუკითხავს ჩემი „დები“, ინტერვიუ უნდოდა. ძალიან უცნაური კი იყო. სულ თან დამდევდა და ჩაი რომ დავასხი, კოვზის მორევის ხმებსაც იწერდა. მერე მითხრა, რომ გაკვირვებული იყო, როგორ გავბედე „დების“ გამოქვეყნება და არ შემეშინდა ხალხის რეაქციის. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გაცილებით ჩაკეტილ საზოგადოებად აღგვქივამდა.
-2011 წელს თქვენი მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეული იყავით მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად. ორიოდე სიტყვით გვიამბეთ ამ ამბის შესახებ, როგორ მიაწვდინეთ ხმა ლიტვამდე?
- 5 ქალი მწერალი შეარჩიეს და მათ შორის ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი. ლიტვაში ძალიან კარგი დრო გავატარეთ. თუმცა, ძირითადად უსაქმურად ვიყავით. „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ლიტველებს მოეწონათ. მოთხრობაში ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველი ბავშვები სომეხ ბავშვებს წარმოდგენის გამართვაში ეჯიბრებიან. ამ დეტალმა ძალიან დააინტერესა ლიტველები. ფაქტია, რომ ქვეყნის გარეთ რაღაცები სხვანაირად წარმოუდგენიათ ჩვენზე. ბევრი კი იცინეს და იმხიარულეს. ერთი ქალი მოვიდა და მითხრა, რა იქნება, კიდე თარგმნონ შენი მოთხრობებიო. მე შემრცხვა. ლიტვა კარგი იყო. ბევრი ქარვის ნაკეთობები აქვთ და მანქანები ყოველთვის გითმობენ გზას. ერთი ისაა, რომ ყველას ერთნაირიად აცვია.
-თქვენი პირველი მოთხრობების კრებულია „ელექტროთაობა“, ამ წიგნმა ახალგაზრდების ყურადღება მიიპყრო და მახსოვს ჩემი თანატოლები, როგორი გამალებით კითხულობდნენ და არჩევდნენ მას. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება?
-ალბათ იმან, რომ მათთვის ნაცნობი პრობლემებია წიგნში. მე ხომ 21 წლის ვიყავი, როცა „ელექტროთაობა“ დაიბეჭდა. ჰოდა ეს საერთო განცდები და გრძნობები... ალბათ საკუთარი თავი ამოიცნეს რაღაცებში.
-რაც შეეხება წიგნს „მეორე მხარე“, რას გვეტყვით მასზე, ფორუმებში აქტიურად განიხილავდნენ და დადებით კრიტიკას იშვიათად თუ წააწყდებოდი. როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია ეს?
-მეც ვნახე, ვიღაცას ეწერა ‘შავ სიაში“ შევიტანდი ამ წიგნსო. „მეორე მხარე“ სულ ხუთ ადამიანს თუ მოეწონა. ალბათ იმიტომ, რომ თხრობა და შინაარსი არ არის ისეთი მარტივი და ლაღი, როგორიც მაგალითად, „ბებია, რეი და ამერიკა“-შია. ცოტა მძიმეცაა ემოციურად, ჩვენ კი ისეთ დროში ვცხოვრობთ, იმდენად გვღლის ყოველდღიური ცხოვრებისეული წვრილმანები, სამსახურები და ა.შ, რომ აღარ გვჭირდება ეს სირთულეები და ჩახლართულობები. გვირჩევნია ის, რაც გაგვახალისებს, გაგვაღიმებს და ეს ბუნებრივიცაა.
-„ბებია, რეი და ამერიკა“ ეს წიგნი როგორც ვიცით ნახევრად ავტობიოგრაფიულია, ოცნება ამერიკაზე ხომ არ გაუფერულდა?
-ნახევრად კი არა, თითქმის მთლიანად ავტობიოგრაფიულია. ოცნებას რაც შეეხება, ამერიკაზე იმდენი ხნის წინ ვოცნებობდი, აღარც კი მახსოვს. იზრდები, ყალიბდები - შეხედულებები და ოცნებებიც იცვლება.
-ჩემთვის ცნობილია, რომ მუშაობთ ახალ წიგნზე, რომელსაც უახლოეს მომავალში იხილავს მკითხველი, შეგიძლიათ ორიოედე სიტყვით დაგვიხასიათოთ?
-რა თქმა უნდა. უკვე ვამთავრებ წერას. წიგნი არგენტინელ მწერალზე, ხულიო კორტასარზე, საბჭოთა საქართველოს ამბებზე და მოგზაურობაზე იქნება. კიდე მამაჩემზე, რომელიც საოცრად ჰგავს პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას.
-არსებობს მოთხრობები ან წიგნი, რომლის გამოქვეყნებასაც არ აპირებთ?
-კი. ამ წიგნს თითქმის ერთი წელი ვწერდი. არადა, ზოგადად, 3 კვირაზე მეტს წერას არასოდეს ვანდომებ. წიგნს „ქართული ზღაპარი“ ჰქვია. საბჭოთა პერიოდზეა, 30-იანი წლების ამბებზე, ჩეკას გამქრალ თანამშრომლებზე და ძირითადად რეალურ ისტორიულ გმირებზე. თუმცა, ვიცი, რომ არასოდეს დავბეჭდავ.
ლაშა რამიშვილი "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები