ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნება ახალი გლობალური კამპანია HeforShe - კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კაცების მონაწილეობის გაზრდას ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, რათა მათ მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.
მოძრაობის მხარდაჭერას ხელმოწერით ოფიციალურად გამოხატავენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.
კამპანიის გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა ქალთა და გოგონათა ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქვიკი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება პოლიტიკური ნების მნიშვნელობას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციის, აღკვეთისა და გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის. ამასთან, განხილული იქნება საქართველოს მიერ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი და სამომავლო გეგმები.
ღონისძიება ტარდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც მთელს მსოფლიოში 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იწყება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური კამპანიის HeforShe-ს (კაცები ქალთა უფლებებისთვის) შესახებ.
მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით. მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები.მოძრაობაში მონაწილეობა ნებისმიერ კაცს შეუძლია. კამპანიის ვებგვერდზე www.heforshe.org, ყველა კაცს შეუძლია აირჩიოს თავისი ქვეყანა და სოლიდარობა გამოუცხადოს მოძრაობას. ამჟამად, კამპანიას მთელ მსოფლიოში მხარს უჭერს 200,000-მდე კაცი, ხოლო საქართველოში -152 კაცი.
მასალის გამოყენების პირობები






