ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტს ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. ექსპერტის აზრით, ლარის გაუფასურებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ შიდა ფაქტორები, არამედ მეზობელი ქვეყნების - უკრაინის და რუსეთის ვალუტების კურსის ვარდნაც:
„ისევე როგორც შარშან, ასევე წელსაც ლარის გაუფასურებას აქვს ადგილი, ეს გარკვეულწილად შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული, შიდა ფაქტორებზე კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხარჯვითი ნაწილი, თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ შემცირებულია ექსპორტი. გასული წლის იგივე თვეებთან მიმართებაში, ბოლო თვის მონაცემებით შემცირებულია ფულადი ტრანსფერები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე უკრაინაში და რუსეთში არის დოლარის დიდი დეფიციტი. ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ესეც იყოს, იმიტომ რომ, როდესაც ქვეყნებში დოლარის დეფიციტია, ან ვალუტები უფასურდება, მეზობელი ქვეყნის ვალუტაზე დაწოლა ყოველთვის ხორციელდება თუ სავაჭრო პარტნიორობაში მათ მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. ამ ფაქტორების ჯამი იძლევა იმ პროცესს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს“, -აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.
ეკონომიკის ექსპერტის აზრით, პროცესი აბსოლუტურად მართვადია და ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ბაზარზე არ იყოს პანიკა. პანიკა არის ის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს სიტუაცია. უნდა შეიქმნას სიცხადე იმაზე, რაც ხდება დღეს ბაზარზე, რომ ეს უმართავი პროცესი არ არის და ის რაც ხდება, ეს არის დროებითი რყევა, რომელიც დასტაბილურდება ძალიან მალე. შარშანდელი სამთვიანი რყევაში მთავარი როლი ჰქონდა იმას, რომ ბიზნესის და მოსახლეობის მოლოდინები იყო გაძლიერებული. ეს დაწოლა უფრო მძიმე იყო ვიდრე შიდა ფაქტორებისგან შექმნილი პრობლემა, ამიტომ წელსაც თუ არ გვინდა რომ დამძიმდეს პროცესი უნდა შეიტანონ ამ საკითხში სიცხადე, რომ ეს არის დროებითი, კონტროლდება სიტუაცია და პანიკის საფუძველი არ არის“,- აცხადებს ლექვინაძე.
მისი თქმით ბუჯეტის ხარჯვით ნაწილში დარჩენილი თანხის ათვისება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან თუ დარჩენილი თანხა ერთბაშად შევა მიმოქცევაში, ეს კურსის მნიშვნელოვან რყევას გამოიწვევს.
„წელსაც არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც მოხდა შარშან, ლარის კურსის კიდევ უფრო წინ წასვლა, ეს უკვე ფასების მიმართულებით იწვევს გარკვეულ ცვლილებებს რაც არ არის სასურველი, განსხვავებით შარშანდელისგან, როდესაც ინფლაცია 0% გვქონდა, წელს გვაქვს 5 %, ამიტომ სასურველი არ არის რომ ნეგატიური გავლენები ქონდეს ამ ყველაფერს ბაზარზე.“- აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






