„პენსია იზრდება მომავალი წლის სექტემბერში და 2015 წელს გაზრდილ პენსიას აიღებენ 4 თვე და თუ იმასაც გავითვალისწინებთ , რომ იზრდება მხოლოდ 10 ლარით, გამოდის რომ ეს რეალურად არის კომპენსაცია ინფლაციით და ლარის დევალვაციით გამოწვეული დანაკარგებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ინდექსაცია პენსიისა, რათა ის არ იყოს იმაზე ნაკლები, რაც არის დღეს. ეს არ არის რეალური ზრდა, მიმდინარე წელში მომხდარი ინფლაცია და ლარის გაუფასურება პლუს დარჩენილ პერიოდში მოსალოდნელი ინფლაცია ფაქტობრივად ამ ნამატს შეჭამს.“- აღნიშნავს რომან გოცირიძე.
პენსიის და საარსებო მინიმუმის გათანაბრებასთან დაკავშირებით გოცირიძე ამბობს , რომ ეს ლოზუნგი ყოველთვის გამოიწვევს პოლიტიკურ მანიპულაციებს და მთავრობა ყოველთვის თავს აარიდებს რეალური საარსებო მინიმუმის დადგენას.
„საარსებო მინიმუმი რამდენი იქნება მომავალი წლის სექტემბერში არავინ იცის. როდესაც ვაცხადებთ რომ პენსია გინდა თუ არა საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს, ეს იმას ნიშნავს რომ მთავრობა ყოველთვის აარიდებს თავს რეალური საარსებო მინიმუმის დადგენას. თავისთავად ეს ლოზუნგი არის ცუდი და ყოველთვის იწვევს პოლიტიკურ მანიპულაციებს.“-ამბობს გოცირიძე.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის უკეთესია პენსიების ზრდა იყოს ბიუჯეტიდან გამომდინარე, იყოს ოპტიმალური ბალანსი საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური და სხვა ხარჯებს შორის.
„ძალიან დიდი რაოდენობის ფული იხარჯება ბიუროკრატიაში, არავის არ უხსენებია სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაცია, შემცირება. რადგან ეს პოლიტიკურად წამგებიანია და სამუშაო დაკარგული ადამიანი მოწინააღმდეგე ხდება. თუ არ გავაჯანსაღეთ ეკონომიკა, თუ არარაციონალური ხარჯები არ ჩამოვაცილეთ ბიუჯეტს და ის ჯანსაღ სფეროებში არ გადავისროლეთ განათლებაში, ბიზნესში, რეალური ჯანსაღი სამუშაო ადგილები თუ არ შევქმენით, მანამდე მუდამ იქნება ადამიანების უკმაყოფილება. ბიუჯეტში ძალიან ბევრი არაეფექტური ხარჯია ჩადებული, იქმნება უამრავი ორგანიზაცია,ფონდები, დეპარტამენტები და ახალ-ახალი არაეფექტური, არანაყოფიერი სამუშაოები.“- აღნიშნავს რომან გოცირიძე.
გოცირიძის თქმით მიუხედავად იმისა რომ პენსიის დაგეგმილი ზრდა არაეფექტურია , აღნიშნული ვარიანტი მაინც სჯობს იმ ვარიანტს, რომელიც პარლამენტში პიუჯეტის პირველადი განხილვისას იყო წარდგენილი
„საწყენია რომ პენსია მხოლოდ 10 ლარით იზრდება, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ის პირველი ვარიანტი, რომელიც პარლამენტში ბიუჯეტის პირველადი წარდგენისას იყო გაცხადებული, შეცვალეს, ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა. წარდგენილი ვარიანტი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფ პენსიონერთა პენსიის ზრდას ითვალისწინებდა, ფაქტობრივად ეს არ იყო პენსიის ზრდა, ეს იყო სოციალური დახმარების გაზრდა, ასეთი ოჯახი დაახლოებით 80 ათასია, მაგრამ მათ ყველას არ ჰყავთ პენსიონერი ოჯახში. ამ ვარიანტით პენსიონერთა მხოლოდ 7-8% მიიღებდა რაღაც დანამატს, ეს იქნებოდა სოციალური დანამატი და არა პენსია.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






