ხვალ, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, წერეთლის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსში“ პრესკონფერენცია გაიმართება. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“ 10 000 ლარს გადასცემს. პრესკონფერენციას დაესწრებიან მაკდონალდსის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, დიმიტრი ცინცაძე, „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები და ცნობილი ჟურნალისტები.
აქცია „გაუგზავნე ემოცია“ 1 ნოემბერს დაიწყო და მიზნად ისახავს „ბიგ მაკის“ გაყიდვებიდან შემოსული თანხის 5%-ის გადარიცხვას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად. შემოსული თანხა, რამაც 10 000 ლარი შეადგინა, 18 ნოემბერს მთლიანად გადაერიცხება „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“.
საქველმოქმედო აქცია ამით არ სრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. საქართველოს მასშტაბით, „მაკდონალდსის“ ექვსივე რესტორანში სალაროებთან მოთავსებულია ყულაბები, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს ჩაყაროს სასურველი თანხა და ამ ფორმით გაუგზავნოს დადებითი ემოცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ყულაბებით მოგროვილი თანხა კვარტალურად გადაირიცხება „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში“. ჩატარდება ასევე, არაერთი სხვა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შემოსული თანხები მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ასევე ბავშვთა და მშობლთა ფსიქო-ემოციურ რეაბილიტაციას.
„მაკდონალდსი“, წელიწადის ამ დროს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს „Happy Days“ აქციას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებაში.
მასალის გამოყენების პირობები






