ექსკლუზიური ინტერვიუ: სიურპრიზი ,,ბეჭდების მბრძანებლის" ქართველ მოყვარულებს
კულტურა - 16:25, 17 Nov, 2014     3974

მიუხედავად იმისა, რომ იგი პროფესიით ეკონომისტია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ არის, მან ლიტერატურის სიყვარულით შეძლო და თარგმნა ისეთი წიგნები, რომელიც ყველა ენაზე უნდა იყოს თარგმნილი. დიდი მადლობა მას გაწეული შრომისათვის. როგორია მისი კარიერული ბიოგრაფია, - ,,ნიუპოსტის" ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა სამუშიასთან.

_რა იყო პირველი წიგნი, რომელიც თარგმნეთ?

_პირველი წიგნი არის „ჰობიტი“, პირველივე, რომელიც გამოიცა. ასე დავიწყებ: პროფესიით არ ვარ მთარგმნელი, ანუ არ მისწავლია ეს ხელობა. სურვილი თარგმნისა გამიჩინა ფილმებმა, რომლებიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში გამოვიდა. ვგულისხმობ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიას. საერთოდ, ვისაც თარგმნისადმი მიდრეკილება აქვს, მაგრამ თვითონ ამას ვერ ხვდება, როცა ტოლკინის წიგნებს წაიკითხავს, აი, ამ დაფარულ ნიჭს აღმოაჩენს საკუთარ თავში. მეც ასე დამემართა. ეტყობა, მქონდა ამის ნიჭი ან მიდრეკილება თარგმნისადმი და, როცა „ჰობიტი“ წავიკითხე, თარგმნის სურვილი გამიჩნდა. თავიდან ეს მხოლოდ სურვილი იყო და სერიოზულად არ მიფიქრია, რომ თარგმნას დავიწყებდი და ვინმე ჩემს ნათარგმნს გამოსცემდა. თუმცა, როცა დასრულებულ თარგმანს გადავხედე, შემეცოდა ჩემი თავი, ტყუილად ხომ არ მიშრომია-თქო და გადავწყვიტე, ბედი მეცადა - იქნებ ვინმე დამეინტერესებინა.

„ჰობიტის“ დამთავრებისთანავე დავიწყე „ბეჭდების მბრძანებლის“თარგმნა და ვთარგმნე პირველი წიგნი, „ბეჭდის საძმო“. ანუ „ჰობიტი“ და „ბეჭდების“ პირველი წიგნი უკვე თარგმნილი მქონდა, როცა გამომცემლის ძიება დავიწყე და რამდენიმე თავი ნიმუშად გავგზავნე გამომცემლობებში. კარგა ხანს ველოდე პასუხს და ბოლოს დამიკავშირდნენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან“. მომწერეს, რომ მოეწონათ თარგმანი. როცა გამომცემლებს შევხვდი, მათ დამარწმუნეს, რომ მაქვს თარგმნის ნიჭი და ჩემთან ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. აი, ასე შემთხვევით აღმოვჩდი ამ სფეროში.

_თქვენ ხართ 28 წლის, თქვენი ასაკი პირველად როცა გავიგე, ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა რომ ბევრგან მომიწია გადამოწმება და ძალიან მაინტერესებს, რამდენი წლის იყავით როცა თარგმნეთ თქვენი პირველი წიგნი, "ჰობიტი"?

_როცა „ჰობიტის“ თარგმნა დავიწყე, სტუდენტი ვიყავი. როდესაც ჯექსონის კინოტრილოგია გამოვიდა, მაშინ წავიკითხე წიგნიც და 2004 წლის შემოდგომაზე დავიწყე ფიქრი, ხომ არ ვთარგმნო-მეთქი? თავიდან, რასაკვირველია, როცა საკმარისი გამოცდილება არ მქონდა, თან ამას სწავლის პარალელურად ვაკეთებდი, ძალიან ნელა ვთარგმნიდი და ტექსტის თარგმნას წელიწადნახევარი მოვანდომე; შემდეგ რედაქტირებას შევუდექი; სანამ თარგმანის გამომცემლებთან გაგზავნას მოვიფიქრებდი, 2 წელზე მეტი გავიდა. გამომცემლობის რედაქტორებთან ერთად ტექსტზე მუშაობა 2008 წლიდან დავიწყე. მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ თარგმანის სრულყოფაში დამეხმარნენ. ერთი სიტყვით, 10 წელი გასულა, მას შემდეგ, რაც „ჰობიტის“ თარგმნა დავიწყე. მაშინ, დაახლოებით, თქვენი ასაკის ვიყავი.

_სტილი თარგმნის ჰობიტსა და ბეჭდების მბრძანებელს ერთი აქვს. მაგალითად, გადმოქართულებული გაქვთ პერსონაჟებისა და ადგილების სახელები. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა თუ ავტორის?

_სხვათაშორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ჰობიტის“ თარგმნა დავიწყე, იყო ის, რომ პერსონაჟების სახელებისა და ტოპონიმების გაქართულება მინდოდა. ამას მკითხველისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ყოველი შემთხვევისთვის, ქართულ გამოცემას ერთვის ჩემი განმარტება, თუ რატომ გავაკეთე ეს, რატომ მოვიქეცი ასე. ვინმემ თვითნებობაში რომ არ ჩამომართვას, ვიტყვი, რომ ეს - ტოლკინის პერსონაჟების და ტოპონიმიკურ სახელთა გაქართულება, - არ არის ჩემი გამოგონება; თითქმის ყველა ენაზე, („ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ კი დაახლოებით 60 ენაზეა თარგმნილი) წიგნი ითარგმნა ისე, როგორც ქართულადაა ნათარგმნი. ვგულისხმობ იმას, რომ პერსონაჟების სახელები და ტოპონიმები არის ლოკალიზებული. მიზეზი ისაა, რომ თავად ტოლკინმაც ისე შეთხზა ტექსტი, თითქოს შუახმელეთის გამოგონილი ენიდან ჰქონდეს ნათარგმნი. და ის ყველაფერი, რაც ქართულ თარგმანში გაქართულებულია, ვითომ თვითონაც გააინგლისურა. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფლად შეგვიძლია ტოლკინი თავისივე ნაწარმოების ინგლისურად მთარგმნელად ჩავთვალოთ, ისევე როგორც მე ვარ მისი ნაწარმოების ქართულ ენაზე მთარგმნელი. როცა თარგმნას ვიწყებდი, გამოვიკვლიე, სხვადასხვა ენაზე როგორ ითარგმნა გვარი ბეგინსი და როგორც თავიდან აღვნიშნე, დიდი სურვილი მქონდა, მისი ქართული ვარიანტიც არსებულიყო. გავა წლები და შეიძლება ვიღაცამ ხელახლა თარგმნოს „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ და თარგმანში უცვლელად დატოვოს პერსონაჟთა სახელების და ტოპონიმების დედნისეული ვარიანტები. მე კი, ის გავაკეთე, რაც საჭიროდ მიმაჩნდა. ზოგადად, თარგმანი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა; ყოველთვის ვცდილობ, სხვების აზრი მოვისმინო და გავითვალისწინო, მაგრამ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თარგმნის პრინციპებს და ტრადიციებს.

_რაც შეეხება „სილმარილიონს“, პირველი, რაც გვაინტერესებს ფენტეზის მოყვარულებს არის ის, თუ როდის გამოვა ქართულად, მაგრამ მე მაინტერესებს ისიც, თუ როდის დაიწყეთ ამ წიგნის თარგმნაზე ფიქრი და როდის გამოვა?

_ფიქრი „სილმარილიონის“ გამოცემაზე დავიწყე მაშინ, როდესაც „ჰობიტი“ გამოვიდა, ანუ 2009 წლის დასაწყისში. იმ პერიოდში გამომცემელი ვერ დავითანხმე, ორჭოფობდნენ, აკვირდებოდნენ, რამდენად წარმატებული იქნებოდა ტოლკინი ქართველ მკითხველში. ისე მოხდა, რომ გაჯანჯლდა ეს საქმე. შემდეგ სურვილი დაეკარგა ერთ გამომცემლობას, მერე მეორესაც და ასე გავიდა 4 წელი... შარშან, 2013 წელს „პალიტრა L-მა“ გამოთქვა „სილმარილიონის“ გამოცემის სურვილი და როგორც კი თარგმანის გამოცემისთვის საჭირო საკითხები მოგვარდა, ტექსტზე მუშაობა დავიწყე. “სილმარილიონი“ უკვე ითარგმნა. ახლა ტექსტის რედაქტირება მიმდინარეობს. „სილმარილიონის“ გამოცემის ზუსტ თარიღს გამომცემლობა გამოაცხადებს.

_თვითონ სილმარილიონი არის რთული ენით დაწერილი, ქართულად როგორ იქნება ეს წიგნი ნათარგმნი ისევ რთული ენით თარგმნით?

_დიახ, ვიცი, იმიტომ რომ ბევრმა სცადა, ინგლისურად წაეკითხა, რაკი ქართულად ნათარგმნი „სილმარილიონი“ დროულად არ გამოჩნდა. ბევრმა შეწყვიტა კითხვა იმიტომ, რომ ტექსტის გაგება გაუჭირდა. თარგმნისას ამას ვითვალისწინებდი, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ „სილმარილიონის“ ნაცვლად უმცროსკლასელთათვის ადაპტირებული ქართული თარგმანი მიგვეღო. თარგმანში დედნის სტილი შენარჩუნებული იქნება. ამ ტექსტისთვის ფსევდო-არქაული ქართული შევქმენი. წინადადებების წყობა, დიალოგები, სიტყვები ცოტათი მოძველებული, მაგრამ გასაგები იქნება მკითხველისთვის; მით უფრო ახალგაზრდა მკითხველისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ ტოლკინის შემოქმედების ქართველ მოყვარულთა დიდ ნაწილს შეადგენს.

_ჰობიტის ბოლო ნაწილის ეკრანიზაცია დაგეგმილია ამა წლის დეკემბერში და ეს შუახმელეთის ბოლო ეკრანიზაციაა, თუ სილმარილიონი გვაძლევს იმის საშუალებას რომ მასზეც გადაიღონ ფილმი?

_როგორც ვიცი, ტოლკინის შთამომავლები და მისი შემოქმედების სამეურვეო საბჭო, ,,სილმარილიონის" ეკრანიზების წინააღმდეგია და შესაბამისად, კინოკომპანიებს ამის უფლებას არ აძლევს. ასე, რომ უახლოეს მომავალში არა მგონია, „სილმარილიონის“ მიხედვით ფილმი გადაიღონ; მაგრამ რომც არსებობდეს ამის სურვილი, „სილმარილიონი“ ფილმად ცოტა რთული გადასაღები იქნებოდა, რადგან ეს წიგნი სინამდვილეში ამბების კრებულია და მასში არდის, ანუ დედამიწის მრავალი ეპოქაა აღწერილი. შესაძლოა, „სილმარილიონისგან“ კარგი სერიალი გამოვიდეს, მაგრამ მისი „ჰობიტის“ ან „ბეჭდების მბრძანებლის“ მსგავსად ადაპტირება წარმოუდგენელია.

_ფილმები, რაც არის გადაღებული ,,ბეჭდების მბრძანებლსა" და ,,ჰობიტზე", საჭიროდ თვლით თუ არა რომ გადაიხედოს და თავიდან გადაიღონ?

_მიჭირს ამის წარმოდგენა. ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი“ იმდენად პოპულარული და გახმაურებული ფილმია, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არა მგონია, ვინმემ მისი რიმეიქის გადაღება მოინდომოს. ხოლო თუ წიგნსა და ფილმს შევადარებთ ერთმანეთს, კინოეკრანიზაცია მხატვრული ტექსტის ადაპტირებული ვარიანტია და მკითხველზე კი არა, მაყურებელზეა გათვლილი. ეს უნდა გვახსოვდეს. ჩემი აზრით, თუ მომავალში „ჰობიტის“ ან „ბეჭდების მბრძანებლის“ ახალ ეკრანიზაციას გადაიღებენ, ის უფრო შორს იქნება პირველწყაროსგან ვიდრე ახლანდელი ეკრანიზაციებია. მიუხდავად იმისა, რომ ბევრი აკრიტიკებს, ჯექსონის ფილმებში იმაზე ცხადად იგრძნობა ავტორისეული სული, ვიდრე ამას ჰოლივუდური სტანდარტები ითვალისწინებს.

_ცოტა თემიდან გადავუხვევ. ახლანდელი ყველაზე ცნობილი ფენტეზი არის სატახტოთა თამაში, ვიცით რომ არსებობს ქართული თარგმანი და თუ არ ვცდები, უკვე ორი ნაწილი გამოვიდა. როგორ შეაფასებდით თვითონ წიგნს?

_ვიცი, რომ ხშირად ადარებენ „ბეჭდების მბრძანებელსა“ და „სატახტოთა თამაშს“, ჩემი აზრით, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. „სატახტოთა თამაშის“ პირველი რამდენიმე ტომი უფრო ნამდვილ ისტორიულ რომანს გავს, ვიდრე ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებს. ის უფრო თანამედროვე მკითხველისთვისაა გათვლისწინებული, ტექსტიც უფრო მარტივად იკითხება, და ხანდახან კინოსცენარს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ პროზაულ ნაწარმოებს; მე არ შევადარებდი და არ დავაყენებდი „სატახტოთა თამაშს“ „ბეჭდების მბრძანებლის“ გვერდით და მგონი, თავად ავტორსაც, ჯორჯ მარტინს, არ აქვს ამის პრეტენზია.

_ბოლოსკენ მინდა ის კარგი ამბავი გვიამბობთ, რომელმაც მე ძალიან გამახარა...

_დიახ, ტოლკინის სხვა ნაწარმოებების, მისი სამი მოთხრობის გამოცემაც იგეგმება. მათ შუახმელეთის ციკლთან კავშირი არ აქვს. გამოცემის თარიღი უცნობია, მაგრამ მოთხრობები უკვე ვთარგმნე და მათი გამოსაცემად მომზადებაც მალე დაიწყება.

გარდა ამისა, მზადდება „ჰობიტის“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ შესწორებული და განახლებული გამოცემები. დარწმუნებული ვარ, ისინი ტოლკინის შემოქმედების არა მხოლოდ ახალ, არამედ ქართულ თარგმანებს უკვე გაცნობილ, ძველ მოყვარულებსაც დააინტერესებს.


"ნიუპოსტი" - ლაშა რამიშვილი

ფოტოგრაფი- ნინო კანკავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42