„მან აბსოლუტურად ყველა ეტაპი გაიარა, სტაჟიორიდან დაწყებული და თავისი საქმე ხუთიანზე იცის. ხათუნას პროფესიონალიზმში მეც და მისი კოლეგებიც მუდმივად დარწმუნებულები ვიყავით“ - ასეთ შეფასებას დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე მეუღლის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით აკეთებს და „ნიუპოსტს“ ვრცელ კომენტარს აძლევს.
ავთანდილის მეუღლე ხათუნა თოთლაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ავთანდილ ცქვიტინიძე: „ არ ვიყავი საქართველოში და სასიამოვნო სიახლე დამხვდა. ხათუნა თავისი სპეციალობის განხრით დაინიშნა თანამდებობაზე. მას არავის ადგილი არ დაუკავებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის განხრა რასაც თვითონ ემსახურებოდა იმ რანგში აამაღლეს. ძალიან სასიამოვნოა, როცა პროფესიონალებს ხედავენ. იმედი მაქვს, რომ მუდმივად პროფესიონალებზე გააკეთებენ აქცენტს და ყველა იქნება იმ საქმით დაკავებული რაც თვითონ იცის ძალიან კარგად.
- ე. ი მეუღლის შეფასებით, ხათუნა დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს?
- ხათუნა 15 წელია მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ის იმდენად ნიჭიერია და იმდენად კარგად იცის თავისი საქმე არც მიფიქრია, რომ რამეს შეიძლება თავი ვერ გაართვას. ჩემს ცხოვრებაშიც და კარიერაშიც ბევრი რამ ხათუნას დამსახურებაა.
- ხომ არ „დაჩრდილავს“ წარმატებულ დიზაინერს მეუღლის მაღალი თანამდებობა?
- ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ხელს ვუწყობთ კარიერულ ზრდაში და ამაში არასდროს პრობლემა არ შეგვქმნია, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. მე გამიხარდება თუ მე ვიქნები ხათუნა თორთლაძის მეუღლე და არა ის ავთანდილ ცქვიტინიძის...
ჭკვიანი ქალი ყოველთვის ახერხებს ცხოვრება ისე მართოს რომ პრობლემა არ შეექმნას არც ოჯახში, არც სამსახურში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში... ხათუნას ეს ბრწყინვალედ გამოსდის“.

მასალის გამოყენების პირობები






