სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, ის ხუთშაბათს წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება," - აღნიშნეს პრესსამსახურში.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.
ეს ინფორმაცია უარყო გუშინ გვიან ღამით საავადმყოფოში მისულმა მინისტრმაც. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, "ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო, საქმე იქნებოდა აღძრული, ვინაიდან საქმე არ არის აღძრული, სავარაუდოდ, ამასთან არ გვაქვს საქმე."
მინისტრის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში ხუთშაბათს მიიყვანეს. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა მაია ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, ხოლო სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ დაზიანება მიღებული იყოს ცემისგან, ექიმმა განაცხადა, რომ არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რადგან ეს არ არის მისი კომპეტენცია.
http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






