საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაცემა „საზოგადოება 2030“ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში, სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბრიდან გავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემის პროდუსერი ვასილ მაღლაფერიძე იქნება, „ნიუპოსტთან“ საუბრისას, მაღლაფერიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ თანაწამყვანების კანდიდატურებზე, ერთერთი, ჟურნალისტი მაკა ცინცაძე განიხილება:
„ვადასტურებ, რომ ვიქნები „საზოგადოება 2030“-ის პროდუსერი, გადაცემის ფორმატს რაც შეეხება, ამ ეტაპზე სამუშაო სიტუაციაა და დეტალები მუშავდება. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს და თანაწამყვანებს, ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ერთერთი მაკა ცინცაძეა, მაგრამ მას შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი კი არც წამყვანი იქნება და არც თანაწამყვანი, იგი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს გადაცემაში მონაწილეობას“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ვასილ მაღლაფერიძემ.
რაც შეეხება მაკა ცინცაძის პოზიციას, რამდენიმე დღის წინ ცინცაძემ „ნიუპოსტთან“ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მას მსგავის შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია:
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე შემოთავაზება არ მქონია, თუმცა თუ შემოთავაზება იქნება მშვენიერი იდეაა. დიდი მადლობა ნურსას. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არც მიფიქრია. რაც შეეხება გადაცემას და მის ფორმატს, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ“, - განაცხადა ცინცაძემ.
გადაცემა „საზოგადოება 2030“-ის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმა გასულ შაბათს, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში გაავრცელა. მან გადაცემის ფორმატზეც დეტალურად ისაუბრა:
„ჩემი აზრით ობიექტური ინფორმაციის და ანალიზის ვაკუუმი გაჩნდა და ეს აგდებს ბევრ პოლიტიკოსს და ექსპერტს, შედეგად ბევრ შეცდომებს უშვებენ. მე ამ მიზეზზე უკვე ვზრუნავ. ერთ-ერთ გამოწვევას მე ვხედავ, გარდა იმისა რომ ანალიტიკოსების მომზადებას ვაპირებ, შევქმენით „საზოგადოება 2030“, ამ საზოგადოებაშ ბევრი საინტერესო პიროვნებაა გაერთიანებული, ძირითადი ლოზუნგი გახლავთ „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა“, ეს მუხტი გვაერთიანებს.
ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა ჩვენი ანალიზი გაკეთებული იქნება საზოგადოების საერთო ინტერესებზე. ყველაფერს შიგნით მოვთელავთ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე ინტერესები. ამავე საზოგადოებისა და ამავე სახელით ტელეპროექტი გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება ჯიდიესზე, ალბათ ყოველდღიურიც იქნება ეს გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და მოწვეული სტუმრები არსებული მოვლენების ანალიზს გააკეთებენ. კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში ძირითადი ანალიზი გავაკეთოთ,. მე წამყვანი არ ვიქნები, ალბათ, თანაწამყვანი ვიქნები. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები. ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ, ცუდიც და კარგიც და შედეგად დასკვნების გაკეთების საშალება მოგვეცა“, - განაცხადა ივანშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






