„სად გაგონილა ერს ჯიბეში ჩაუყო ხელი, გამოგლიჯო პირიდან ლუკმა და არც კი გაასაჯაროო რას ახმარ ამ პირიდან გამოგლეჯილ ლუკმას?“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე და 29 მლნ ბიუჯეტსა და იუდას სინდრომით შეპყრობილ მღვდელმთავრებზე საუბრობს.
ილია ვაშაკიძე, მღვდელმონაზონი: „დაფიქრებულხართ 29 მილიონიანი ბიუჯეტიდან იუდას სინდრომით შეპყრობილ მღვდელმთავრებს რომ ერიცხებათ და რაში ხარჯავენ ამ თანხას მის მკაცრად გასაიდუმლოებას ცდილობენ. ბიუჯეტი კი ერის ჯიბეა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მკაცრად გასაიდუმლოების მცდელობაა, არის სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები იმისა, რომ ამ თანხიდან 7%-იც კი არ იხარჯება სოციალურად დაუცველებსა და ინვალიდებზე.
29 მილიონიდან ნახევარი მილიონი მშივრებზე და უსახლკაროებზე რომ დაიხარჯოს, მერწმუნეთ, საშობაოდ ქუჩაში გაყინულთა რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, არამც თუ საგრძნობლად იკლებს, არამედ ნულის ტოლი გახდება.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული სოციალურად დაუცველთა, ინვალიდთა და უპოვართა ფონდში გადავრიცხავდი ამ თანხას. სად გაგონილა ერს ჯიბეში ჩაუყო ხელი, გამოგლიჯო პირიდან ლუკმა და არც კი გაასაჯაროო რას ახმარ ამ პირიდან გამოგლეჯილ ლუკმას. ვიმეორებ, ყველა ჩვენგანის ჯიბიდანაა ამოღებული ეს თანხა. თავად იმსჯელეთ, გვაქვს თუ არა უფლება ვფლობდეთ ინფორმაციას, თუ რაში იხარჯება ეს თანხა? არ დაგიმალავთ, მეოთხედი საუკუნეა სასულიერო პირი ვარ. ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი და მკვეთრად შეზღუდული გადაადგილების პრობლემებით. ვარ სოციალურად დაუცველი და ვღებულობ ინვალიდობის პენსიას. ჩემს გარდა კიდევ არიან სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ფეხებზე კიდია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ბიუჯეტი კი იფლანგება. დანაჩენზე თავად იმსჯელეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში“.
მასალის გამოყენების პირობები






