ჰედონიზმისკენ ისედაც მიდრეკილი საზოგადოების ილუზიებით გამოთაყვანება და გონების სიჩლუნგე, კრეტინიზმის დიქტატურას აჩენს. ის ბევრად სახიფათოა ვიდრე პირდაპირი და დაუფარავი სამხედრო აგრესია. რადგანაც ის ძალიან რთული დასამარცხებელია.
მის დამარცხებას წარმოუდგენლად ბევრი დრო უნდა და სრულ განადგურებას კი თაობები სჭირდება. იდეალისტი, მამაცი და პროგრესული პიროვნებებისა თუ ჯგუფების ასევე მიზანმიმართული და ასევე მეთოდური რეპრესირებით დემონიზირება, განდევნა ან უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილი, კრეტინიზმის დიქტატურისთვის ჩვეულებრივი ხერხია და გარდა ამისა ის ადამიანთა დემორალიზებას, მათ მოდუნებულ, მორჩილ, გონებადაჩლუნგებულ, უსახო და უსახელო მასად გახრწნას გულისხმობს.
ასეთი ე.წ. საზოგადოება, ასეთი მასა, ვერაფერს აღიქვამს და ვერაფერს გრძნობს. თუ რამეს აღიქვამს ყველაფერს პირიქით, ან საერთოდ აღარაფერზე აქვს რეაქცია. აღარაფერი იცის, მაგრამ მოულოდნელი, იმპულსური აგრესიითაა შეპყრობილი, როგორც თავისადმი ასევე სხვების მიმართ. ოღონდ ის „სხვა“ მისი მტერი ნუ იქნება. მას მტერისადმი სიმპათია უჩნდება და თავს უშველებელი აღტკინებით და სიხარულით აკვლევინებს.
დღეს საქართველოში კრეტინიზმის დიქტატურის თვითმხილველი ვარ და ჩემდა საბედნიეროდ ვიცი, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ რა უცნაური სიზუსტით მეორდება ისტორია და რა უცნაური სიზუსტით ემთხვევა ერთამნეთს ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველური რომანი „1984“ და ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ-ჟურნალისტურ-აღმზრდელობით-ანალიტიკურ-დამტუქსველი პროექტი „2030“. გენიალური მწერლის წარმოსახვითი, ლიტერატურული სამყარო და ერის მამობაზე დიდი პრეტენზიის მქონე, უტიფარი ბიზნესმენის საკმაოდ რეალური და სრულიადაც არაწარმოსახვითი სამყარო, სადაც ბევრი დიდ ხანს ვერ უყურებს, ვერასდროს ხედავს და ვერც ვერასდროს დაინახავს თუ რა გაკეთდა და მით უმეტეს ვერ დაინახავს თუ რა შემორჩა გაკეთებულიდან.
კრეტინიზმის დიქტატურა სიცარიელეს აჩენს, მაგარმ საბედნიეროდ ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს.
ყველაფერი კარგად იქნება. მთავარი წინაა.
დ. 10 ნოემბერი 2014
მასალის გამოყენების პირობები






