აღსანიშნავია, რომ, ამას მერის მრჩეველი, მის ,,ფეისბუქის“ გვერდზე, საჯაროდ აკეთებს.
ჭანტურია შეურაცხყოფას მედია საშუალებებს აყენებს და მათ, ზოგს ნაციონალების, ზოგს ერთი პირის მართულად საერთო ჯამში კი ყველას მტრულ ორგანიზაციებად აღიქვამს.
ადანაშაულებს ჟურნალისტებს ხალხის, საზოგადოების შეურაცხყოფაში და ამავე ხალხის სახელით ემუქრება.
ნატო გოგელია, ,,გურია ნიუსი”: ,,ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფეისბუკში გავაზიარე დოკუმენტის ასლი, რომლის თანახმადაც, ოზურგეთის მერმა სტადიონის დირექტორი თოჯინების თეატრის წესდების საფუძველზე გაათავისუფლა. ამ კურიოზულ ბრძანებას ბევრი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა. მათ შორის სოფო ჭანტურიასიც, რომელიც ყველანაირად სციდლებოდა საჯარო მოხელის საქციელს. იმის ნაცვლად, რომ ქალბატონ ჭანტურიას მინიმუმ აღნიშნული ბრძანების დამწერისისთვის ესაყვედურა ან კიდევ ბრძანებაზე ხელმომწერისთვის ერჩია, რომ სხვა დროს ბრძანება კარგად უნდა წაიკითხოს, პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. ეს ეხებოდა პირად ცხოვრებას, რომ თითქოს და მე ჩემი წარსულის უნდა მრცხვენოდეს, რომ "ნაციონალური მოძრობასთან" ახლო კავშირები მაქვს, რომ ქრთამებს ვიღებ. პირადულზე "შეტევით" ეცადა მერის მრჩეველი კურიოზული ბრძანების "გაპრავებას". ვერ გეტყვით რომ ეს სასიამოვნო იყო, თუმცა ამ ყველაფერს ერთი დადებითი ჰქონდა _ ყველამ დაინახა როგორი მრჩეველი ჰყავს მერს საზოგადოებასთან ურთიერთობაში., კარგი იქნებოდა მერის მრჩეველს ვინმესგან მიეღო რჩევა, რომ ეს დანაშაულია, კანონით დასჯადი ქმედებაა. თუმცა, როგორც ჩანს კანონი ყველასთვის არ კანონობს, რადგან ქალბატონი მრჩევლის მსგავსი პოსტები, პირად ცხოვრებაზე წერა, მუქარა ისევ გრძელდება... სამწუხაროდ, ამაზე მერია დუმს... ალბათ ესეც მავანის რჩევაა”.
ლადო მენაბდე, “გურიის მოამბე”: ,,სოფო ჭანტურიამ მტრად, ხალხის შეურაცმყოფელად, ერთი ადამიანის-არ აკონკრეტებს-მართულად, მას მერე დაგვიწყო მოხსენიება, როცა მედია გამოცემამ უარი უთხრა ქალაქის მერიის წარმომადგენელს მისი ინტერესებიდან გამომდინარე შავი პიარი ეწარმოებინა. ჩვენ ნათლად განვუცხადეთ მერიას, რომ ხელშეკრულების გათვალისწინებული დაფინანსებული მასალის ფარგლებში გავიდოდა მხოლოდ დაფინანსებული მასალები და არა სხვა რამ, რასაც ის დაჟინებით მოითხოვდა. იმუქრება ანა გოჩაშვილით, კახი კალაძით. საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას, სჩვევიათ ხოლმე ახალი ხელისუფლების მეტიჩარა წარმომადგენლებს ასეთი რამ, მაგრამ ორი დღეა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ჟურნალისტობის აკრძალვით მემუქრება. ვწუხვარ, რომ ასეთი საჯარო მოხელეები არსებობენ, ეს კატასტროფაა”.
სოფო ჭანტურიასგან მსგავსი შეურაცხმყოფელი მუქარისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს ,,გურია ნიუსის” ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილიც, რის გამოც ჟურნალისტმა პროკურატურას მიმართა: ,,21 ოქტომბერს საღამოს საათებში, ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ჩემი შეურაცხმყოფელი სტატუსი, იყო შანტაჟისა და მუქარის შემცვლელი ფრაზები. ასევე პირადი შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ მერის მრჩევლის მხრიდან ეს იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობა. რის გამოც განცხადებით მივმართე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას. რაზეც ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს პროკურატურისგან. რადგან სოფო ჭანტურია დაახლოებული პირია ხელისუფლებასთან, აღნიშნულზე სამართლიანი რეაგირების იმედი ნაკლებად მაქვს”.
მასალის გამოყენების პირობები






