„ბოლოსდაბოლოს უნდა ვიცოდეთ, როდის ან ვინ მოგვაქცევს ყურადღებას, შენობა დღითიდღე იშლება და ინგრევა, ორჯერ იატაკიც კი ჩავარდა, თანამშრომლები ჩაცვივდნენ და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ. სრულიად ექსტრემალურ პირობებში გვიწევს მუშაობა. მაინცადამაინც ტრაგედია უნდა დატრიალდეს, რომ გულშემატკივარი გამოგვიჩნდეს?”- კითხულობენ აზერბაიჯანულ თეატრში.
როგორც ირკვევა თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მეათე თეატრალურ სეზონზეც ვერ უმასპინძლებს თავის მაყურებელს საკუთარ კედლებში.
ჰ. ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს თბილისში არსებობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, აზერბაიჯანული სახალხო სახლი, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო ნარიმანოვის კლუბის სახელით 1910-1947 წწ-ში ფუნქციონირებდა და მსოფლიო კლასიკის ნიმუშებთან ერთად იდგმებოდა აზერბაიჯანული პიესებიც. შემდეგ თეატრმა შეწყვიტა არსებობა და 2004 წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ აღდგა.
დღეს თეატრი ხშირად აწყობს გასვლით სპექტაკლებს საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში-მარნეულში, ბოლნისში, დმანისში... დასმა მონაწილეობა მიიღო ბაქოსა და მერსინის თეატრალურ ფესტივალებშიც...
პრემიერებს თბილისში, სხვადასხვა დრამატული თეატრების სცენებზე თამაშობენ, რადგან საკუთარი არც მაყურებელთა დარბაზი გააჩნიათ და არც სცენა, არ არსებობს საგრიმიოროებიც. თეატრის შენობა, რომელიც ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს ავარიულ მდგომარეობაშია, მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა.
კახი ლაზარიშვილი, თეატრის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „თეატრიდან, წლების მანძილზე იგზავნება წერილები აზერბაიჯანისა და საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში, ვითხოვთ დახმარებას, თეატრის რემონტს, თუმცა, პასუხი არცერთ წერილზე არ მოსულა...
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამ სავალალო მდგომარეობისა, თეატრი ახალ სპექტაკლებზე კვლავ მუშაობს. თეატრი სეზონს ორი პრემიერით გახსნის. მოლიერის პიესას “ჟორჟ დანდენი” ზურაბ სიხარულიძე დგამს, ხოლო ილიას ეფენდიევის “შენ ყოველთვის ჩემთან ხარ”, თურგაი ველი-ზადე განახორციელებს.
მაყურებელსაც იქ უმასპინძლებენ, სადაც პრემიერებს წარმოადგენენ, როგორც ყოველთვის ეს ახლაც თბილისის რომელიმე დრამატულ თეატრში მოხდება“.

მასალის გამოყენების პირობები






