გორში პროკურატურასთან მიმდინარე აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეები ოლქის პროკურორს მოუწოდებენ, დაინტერესდეს გიგა ზარხოზაშვილის საქმით. საქმე ეხება 10 სექტემბერს გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც პოლიციასა და 21 წლის გიგა ზარხოზაშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
ზარხოზაშვილის ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან პროვოცირებაზე და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. დაკავებულის დედის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი შვილის დაკავების დროს, კი სამართალდამცველებმა სამჯერ ელეკტრო შოკი გამოიყენეს.
ამ დრომდე, შსს-ს საქმე 553 მუხლით აქვს აღძრული, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღნიშნულს არ ეთანხმება დაკავებულის დედა მარიკა ზარხოზაშვილი, რომელიც „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გიგა ზარხოზაშვილმა სამართალდამცველებს მას შემდეგ გაუწია წინააღმდეგობა, რაც პოლიციის თანამშრომელმა დედა-შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მარიკა ზარხოზაშვილი შსს ინციდენტის დროს პოლიციელების მიერ გადაღებული ვიდეო მასალის სრულ ჩანაწერს სთხოვს და ამბობს, რომ ვიდეო მასალაში, რომელიც შსს-მ სასამართლოს წარუდგინა ამოღებულია ის კადრები, სადაც მას პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 3 ჯერ მიზანმიმართულად გადაიდო. 21 წლის გიგა ზარხოზაშვილი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება, რასაც მისი ოჯახისწევრები აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას საპროცესო შეთანხმებით ითხოვენ. ზარხოზაშვილის სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 13 ნოემბერს არის ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






