დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „UNESCO–ს მეცნიერების დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე ორდღიანი საქველმოქმედო აქცია დასრულდა. აქცია საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელშეწყობით ჩატარდა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხური საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ქართულენოვანი წიგნებით შევსებას ისახავს მიზნად. აქციის ფარგლებში ქართველი ავტორების რამდენიმე ათეული ნამუშევარი შეგროვდა, რომლებიც 10 ნოემბერს ბავრის საჯარო სკოლას გაეგზავნება.
ბავრის საჯარო სკოლის შესახებ ინფორმაცია ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ შუამავლობით განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს გადაეცა და მასში ბავრის საჯარო სკოლისათვის სასურველი ლიტერატურის ჩამონათვალი იყო მოცემული. გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივა, ბავრის საჯარო სკოლისთვის წიგნების გადაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატებმაც გაიზიარეს. საქველმოქმედო აქცია “UNESCO–ს მეცნიერების დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში სიმბოლურად საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, აქციის დასკვნით ნაწილში კი საკრებულოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ლიტერატურა ბავრის საჯარო სკოლისათვის გასაგზავნად მოამზადეს.
აქციის ფარგლებში წიგნების გარდა სკოლას საბავშვო შემეცნებითი მასალა – ქართული ანიმაციური ფილმები და საბავშვო მხატვრული ფილმები გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები






