სს "თელასის" გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ორწლიან დუმილს "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არღვევს. როგორ მოემზადა "თელასი" ზამთრისთვის და კონკრეტულად ვისი ან რისი ბრალია, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში დენი ისე თამაშობს, როგორც შავ-ბნელ 90-იანებში?
_ ბატონო სერგეი, ,,თელასი’‘ ზამთრისთვის როგორ ემზადება?
_ სს „თელასმა“ 2014-2015 წლების შემოდგომა- ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მუშაობისთვის მზადაა. საერთოდ, შემოდგომა - ზამთრის სეზონისთვის მზადებას ყოველწლიურად გაზაფხულზე ვიწყებთ _ კომპანიაში იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. „თელასმა“ წელსაც, გეგმის მიხედვით, სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა 110/35 და 10(6)-კილოვოლტიანი ქვესადგურების გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზაციის სამუშაოები _ სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე; სარემონტო- პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 _ კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6-კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი, ყველა აუცილებელი აღჭურვილობითა და მასალითაა უზრუნველყოფილი, რათა ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტი აღმოფხვრას, ან მინიმუმამდე შეამციროს.
_ რამდენიმე თვეა, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც თბილისის ცალკეულ უბნებში ელექტროენერგია ითიშება. კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები განახორციელეთ, როდის დაასრულებთ და ამ სამუშაოებზე რა თანხა დახარჯეთ?
_ დიახ, კომპანია „თელასი“ ქსელის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების პროექტებს ახორციელებს. ამ კუთხით, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ორი პროექტი _ ქვესადგურ „დიდუბე 220“-ში 6/10-კილოვოლტიანი სექციის რეკონსტრუქცია- მოდერნიზებისა და 35/6-კილოვოლტიან, „საბურთალო 1“-ის ქვესადგურში ახალი, ძალოვანი ტრანსფორმატორის მონტაჟის პროექტები. ამ პროექტების განხორციელებით, დედაქალაქის 40 000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა. ქვესადგურ „დიდუბე 220“-ში 6-კილოვოლტიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა; განახლდა საკაბელო მეურნეობა და ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულდა. ქვესადგურ „საბურთალო 1“-ში მოძველებული, 25-მეგავოლტამპერიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი ახალი, უფრო მძლავრი 32-მეგავოლტამპერიანი თანამედროვე სტანდარტების ტრანსფორმატორით შეიცვალა, რომელიც მუშაობის ხანგრძლიობით, საიმედოობითა და გადატვირთვების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, კომპანია „თელასმა“ პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი, რაც დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და სწრაფად მზარდი რაიონის ელექტროქსელის გაფართოებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 110 კვ-იან ტრანსფორმატორს ქვესადგურ „საბურთლო 2“-სა და 35 კვ-იან ტრანსფორმატორს ქვესადგურ „აეროპორტში“ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. დასრულდა ცენტრალური გამანაწილებელი მოწყობილობის სრული რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოებიც. ამ სამუშაოების ჩატარების დროს, იძულებულნი ვიყავით, დროებით შეგვეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების გარკვეული რაოდენობისთვის, რაც მომხმარებლის დისკომფორტსა და უკმაყოფილებას იწვევდა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ასეთია _ სამუშაოებს ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე ვერ ჩავატარებთ. ამის გამო კომპანია მომხმარებელს ბოდიშს უხდის. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ სამუშაოების ერთადერთი მიზანი თბილისის ელექტრომომარაგების საიმედოობისა და ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, ქალაქის ქსელის შემდგომი განვითარებისთვის სიმძლავრეების გაზრდაა. ამჟამად, სს „თელასმა“ შემოდგომა- ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი პროექტების განხორციელება უკვე დაასრულა და დედაქალაქის ელექტროქსელი მუშაობისთვის მზადაა. რაც შეეხება ხარჯებს, 2014 წელს, თბილისის ელექტროქსელის რეკონსტრუქცია- მოდერნიზებასა და გაფართოებაზე დახარჯული ინვესტიციების საერთო მოცულობა 27 000 000 ლარს აღემატება.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ იმასაც, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებს, დღის განმავლობაში, დენი რამდენჯერმე ეთიშებათ, სარემონტო სამუშაოებით ხსნით?
_ გეთანხმებით, მიღწევებზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ პრობლემებსაც, რომლებიც კომპანიას მუშაობაში ხელს უშლის. კერძოდ, ეს იმ სხვადასხვა ორგანიზაციის კუთვნილი ელექტროქსელია, რომლის საქმიანობის პროფილიც ქსელის რემონტს, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ხშირია შემთხვევა, როდესაც აბონენტი ავარიის აღმოფხვრას ითხოვს, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური სამუშაოებს ვერ ასრულებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი კომპანიის საკუთრება არ არის. გარდა ამისა, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ, საშიშია. ამჟამად, თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების დაახლოებით 46%, „თელასს“ არ ეკუთვნის. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ამ ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადაცემის თხოვნით მივმართო, რათა ქსელის კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა შევძლოთ!
_ ბატონო სერგეი, ძაბვის ცვალებადობის გამო, ელექტროტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, აბონენტები ინტერესდებიან, თუ როგორაა დაცული მომხმარებელთა უფლებები. რა პროცედურა არსებობს დაზიანების მიზეზის დასადგენად და ზარალის ასანაზღაურებლად?
_ აბონენტთა მხრიდან სს „თელასში“ შემოსულ ტექნიკურ პრეტენზიებს სპეციალური კომისია იხილავს. პრეტენზიის განხილვის საფუძველი კომპანიაში წარდგენილი შესაბამისი ფორმის განცხადებაა, რომელსაც უნდა ერთვოდეს დოკუმენტაცია, რომელიც დაზიანებული ქონების საკუთრებას ადასტურებს და, ასევე, შესაბამისი საექსპერტო- აუდიტორული დაწესებულების დასკვნა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს რემონტის ან ქონების შეცვლის ღირებულება. კომისია სწავლობს წარდგენილ მასალებს და იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიყენებაში ბრალი „თელასს’‘ მიუძღვის, ზარალის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილებას 10 დღის განმავლობაში იღებს.
_ მომხმარებლისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ ელექტროენერგიის ტარიფია, რომელიც 2013 წელს ელექტროენერგიის განაწილების მარჟის შემცირების ხარჯზე გაიაფდა. როგორი იქნება ტარიფი მომდევნო წლებში?
_ როგორც ცნობილია, ტარიფის ოდენობას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს. ტარიფები ისე რეგულირდება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვის პირობებში, ქალაქი უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის მუშაობა მიმართული იქნება გამანაწილებელი ქსელის სრულყოფასა და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე. ელექტრული ქსელის რეკონსტრუქციის, მოდერნიზებისა და გაფართოების პროგრამების განხორციელებაზე, სს ,,თელასი’‘ ყოველწლიურად 25 000 000-დან 30 000 000 ლარამდე ხარჯავს. 2003 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, კომპანიის განვითარებაში დაბანდებული ინვესტიციების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 300 000 000 ლარია შეადგენს.
_ არცთუ დიდი ხანია, ,,თელასის’‘ სათავო ოფისში ელექტრონული სისტემა დამონტაჟდა, რომლითაც გრძელი რიგის მართვაა შესაძლებელი. აბონენტების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კიდევ რა ნაბიჯებს დგამთ?
_ „თელასის“ ძირითადი ამოცანა მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა, ასევე, კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თელასის“ მენეჯმენტისა და თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური ძალისხმევა. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სს „თელასი“ აგრძელებს შარშან დაწყებულ საქმიანობას, რაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში თანამედროვე სტანდარტების ბიზნესცენტრების გახსნას უკავშირდება. მიმდინარე წელს ორი განახლებული ბიზნესცენტრი გავხსენით _ „მთაწმინდა- კრწანისი“ და „ვერა- ვაკე“, წლის ბოლომდე კიდევ ორი გაიხსნება _ „სამგორი“ და დაბა ტაბახმელაში ბიზნესცენტრ „მთაწმინდა- კრწანისის“ ფილიალი. დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების გახსნის მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა, როგორც ოფისების დიზაინის, ასევე, მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბიზნესცენტრში აბონენტებს შეუძლიათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ოპერატიულად მოაგვარონ ნებისმიერი სახის ტექნიკური პრობლემა.
წყარო: გაზეთი "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






