რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში ტრაგედია დატრიალდა. სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, 22 წლის მადონა დავითაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მადონა დავითაძის ახლობლები გაზეთ“კვირის პალიტრასთან“ ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე და ახალგაზრდა ქალის ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
მადონას დედა სიძესა და მის მშობლებს ადანაშაულებს, ამბობს, რომ გოგონა ოჯახურ ძალადობას ემსხვერპლა.
„ქმარი ყველაფერს უკრძალავდა. ჩვენთან ტელეფონზე დალაპარაკების უფლებასაც არ აძლევდა. რამდენჯერ დავაპირე მისთვის ტელეფონის ყიდვა, მაგრამ მითხრა, დედიკო, არ მომცე, აზრი არა აქვს, მაინც დაამტვრევსო. ძალადობის მსხვერპლი იყო ჩემი შვილი. თვითმკვლელობამდე მიიყვანეს დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა. არ ვაცოცხლებ მაგათ! წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდეს, რომ სამი შვილი უპატრონოდ დატოვა და თავი მოიკლა.“
გარდაცვლილის ბიძაშვილი ზაზა დავითაძე ამბობს, რომ მადონა მასზე 10 წლით უფროს ბადრი შარაშიძეს გარიგებით გაჰყვა. „ მადონას დეიდასთან ერთად ვაჭრობდნენ ბადრის მშობლები, იქ უნახავთ გოგო, მოსწონებიათ და ხელის სათხოვნელად ოჯახში მოვიდნენ. მაშინ მადონა 16 წლის იყო. ოჯახს არ უნდოდა პატარა ასაკში გოგოს გათხოვება, მაგრამ თავი არ დაანებეს. ჩვენს ჭკუაზე გავზრდითო და წაიყვანეს. ასე გარიგებით გაჰყვა იმ კაცს, ქორწილიც ჰქონდათ, მაგრამ მალე შეექმნა პრობლემები. მადონა ოჯახში მონასავით ჰყავდათ, ვირივით ამუშავებდნენ.
ეს უბედურება რომ მოხდა, მაშინვე გავიქეცით. რომ მივედით, მხოლოდ ერთ ოთახში იყო შუქი. პოლიციელებმაც გვითხრეს, ძლივს მოვაგენით, რადგან ირგვლივ სიბნელე იყოო. გვეუბნებიან, კარადაში ჩამოიხრჩო თავიო, მაგრამ ეს რამდენად სარწმუნოა, არ ვიცი. სიმართლე პოლიციამ უნდა გაარკვიოს. როცა მივედით, მადონა საწოლზე ესვენა, ამ მდგომარეობაში დახვდა თურმე პოლიციასაც. ამდენს ვეღარ გაუძლო მისმა გულმა და თავი მოიკლა, ან შეიძლება ცემის დროს შემოაკვდათ და შემდეგ გაითამაშეს თვითმკვლელობის სცენა. კარადაში ადამიანმა თავი როგორ უნდა ჩამოიხრჩოს?
განსხვავებულია შარაშიძეების ოჯახის პოზიცია. ისინი მადონა დავითაძეზე ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა, ვერ ხსნიან, რატომ მოიკლა თავი.
მამამთილი, თემურ შარაშიძე ამბობს, რომ უკმაყოფილება ოჯახში არ ჰქონიათ. "ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა, რატომ მოიკლა თავი, არ ვიცით, ამას პოლიცია დაადგენს", - ამბობს იგი.
გარდაცვლილის მაზლის, გიორგი შარაშიძის თქმით, ტრაგიკული შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20 საათზე მოხდა. იმ დროს დედამთილმა რძალი ჩვილი ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად მეორე სართულზე გაუშვა.
"7-8 საათი იქნებოდა. ჩემი რძალი მეორე სართულზე, თავის ოთახში ავიდა ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად. გავიდა 15 წუთი და რომ აღარ დაბრუნდა, დედაჩემმა ააკითხა და საშინელი სიტუაცია დახვდა - მადონას ყელზე ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და იატაკზე იწვა. უკვე მკვდარი იყო. რატომ გააკეთა ეს, ჩვენთვის გაუგებარია", - ამბობს გიორგი შარაშიძე.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.
მომზადებულია გაზეთ "კვირის პალიტრის" მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






