2014 წლის 5 თებერვალს მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საკრებულოებთან ერთად მოსახლეობის მიერ მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესი.
მაგრამ პარადოქსულია, როდესაც გამგებლებისა და მერებისათვის ასეთი ლეგიტიმაციის მინიჭებასთან ერთად, კანონმდებლობა ითვალისწინებს მათ მიმართ უნდობლობის გამოცხადებისა და შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლების დაუშვებლად მარტივ პროცედურას.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 51-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს უფლება აქვს დააყენოს გამგებლის/მერის უნდობლობის საკითხი, ხოლო უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის შემთხვევაში.
რაც შეეხება შემთხვევებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს გამგებლის/მერის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, კანონმდებლობის მიერ საერთოდ არ არის გაწერილი - ანუ, თუ საკრებულოს უმრავლესობას უბრალოდ არ მოეწონება გამგებელი ან მერი, მის მიმართ შეუძლია დასვას უნდობლობის საკითხი ან უარეს შემთხვევაში ეს უფლებამოსილება გამოიყენოს ზემოქმედების მიზნით.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს საქართველო 2004 წლის 26 ოქტომბრიდან, აუცილებლად მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას და მათი საკმარისი და ეფექტური გარანტიებით აღჭურვას.
დასავლეთის უარყოფით დამოკიდებულებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, ყურადსაღებია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს:
- ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა იმავდროულად გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერება/შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ყველაზე უხეშ ჩარევას. ამიტომ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისათვის, რომელთა დაუცველობა პირველ რიგში, თავად ამომრჩევლის ინტერესებს შეუქცევადად არღვევს - 2014 წლის 23 მაისის #3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
- საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განსაზღვრავს მოქალაქის უფლებას დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. სახელმწიფო სამსახურის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი კანონმდებლობა. კონსტიტუციის ეს დებულება მოიცავს არა მარტო თანამდებობის დაკავების, არამედ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ განთავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს - 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს საქართველოს მოქალაქეები დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
- ის კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის პირობებს, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს - 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განახორციელოს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






