გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრებ გლეხებს, წლების წინ ვაშლი გასაყიდად რუსეთში გაჰქონდათ. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ქართველებისთვის რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, მას მერე რაც ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა ქართულ და რუსულ მხარეებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი რომ რუსეთის ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის გაიხსნა, ამის შესახებ განცხადება მინისტრმა შალვა ფიფიამ გააკეთა, - „დღეს რუსეთის ვეტერინარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხსმნილია შეზღუდვები საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში თხილის, ვაშლის, ყურძნის, მსხლის, კომშის და სხვა მცენარეული პროდუქციის ექსპორტზე“, - ამბობდა ფიფია. თუმცა რუსეთის ბაზრის გახსნა რიგით გლეხებს, როგორც სჩანს, არ შეეხო.
შ.პ.ს. „ფრუიტილია“ ერთადერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც რუსეთში ვაშლის ექსპორტს უზრუნველყოფს. „ნიუპოსტი“ კომპანიის დირექტროს ვახტანგ ბეჟიტაშვილს ესაუბრა. „ რუსეთის ბაზარზე ვაშლი გადის, მაგრამ არც თუ ისე დიდი რაოდენობით. ჩვენი კომპანია დაკავებულია ამ საქმიანობით წლების განმავლობაში, მაგრამ წელს რადგან ვაშლის დიდი მოსავალია სხვა ქვეყანაშიც კონკურენტულ ფასს სპეც ჯიშების გარდა ვერვ ვთავაზობთ გლეხებს. მოთხოვნა არის სინაფ ვაშლზე და ძველი ქართული ჯიშებიდან კიდევ რამოდენიმეზე. ჩვენ გატანილი გვაქვს დაახლოვებით 1000 ტონამდე ვაშლი „ ამბობს ბეჟიტაშვილი. იგი „ნიუპოსტს“ იმ პროცედურებზეც ესაუბრა რაც რუსეთის ბაზარზე ქართული ხილის მოსახვედრად არის საჭირო „ვაშლის შეძენა ხდება მოსახლეობისგან, უმაღლესი ხარისხის ვაშლის ფასი არის 80 თეთრიდან 1 ლარამდე. შემდგომ ვაშლის შეფუთვა ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ბრენდირებულ ყუთებში ხდება ჩაწყობა, ჩვენი ორგანიზაციის დასახელებით. ვალაგებთ სპეც მანქანებში, ეს არის მაცივარი მანქანები სადაც დაცულია შენახვის ტემპერატურა. ხდება საბუთების მოწესრიგება, მოდიან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ფიტო სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები, ეს არის ფასიანი სერვისი. ერთი სიტყვით სახელმწიფოს მხრიდან არანაერი პრობლემა არ გვექმნება და გაგვაქვს ხილი რუსეთის ბაზარზე. მესამე ხარისხის ვაშლი კი დავიწყებას მიეცა. ადრე რომ იყო გორელი ფერმერი დატვირთავდა კამაზს და წავიდოდა რუსეთში და ვაშლს გაყიდიდა ასე აღარ არის ამ ეტაპზე“.
გლეხებს რომლებსაც დიდი შრომის მიუხედავად არ გაუმართლათ და პირველი ხარისხის მოსავალი ვერ მიიღეს, სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. გორის და კასპის რაიონის უმეტესი სოფელი წელს სეტყვამ თითქმის მოსავლის გარეშე დატოვა, დასეტყვილი ვაშლი კი უწინდებურად არც რუსეთში გადის და არც ქართულ ბაზარზე იყიდება. გლეხებს ერთადერთი გამოსავალი დარჩათ ვაშლი წვენების გადამამუშავებელ ქარხანაში უნდა ჩააბარონ. სადაც 1 კგ ვაშლის ფასი 10 თეთრია.
მასალის გამოყენების პირობები






