დიქტატორულ რეჟიმს „გაქცეული“ ოთარ იოსელიანი, რომელმაც თავი საფრანგეთს „შეაფარა“, ამჯერად „ზამთრის სიმღერაზე“ მუშაობს. როგორც ირკვევა ახალი ფილმის გმირები სხვადასხვა დროში იმოგზაურებენ.
„ემიგრანტი არ ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემი კინო არის ის მასალა, რომელიც სხვა კულტურას ეფუძნება“, - აღნიშნავს რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ზამთრის სიმღერა" ქართულ-ფრანგული პროექტია, გადაღებები ორი კვირაა საქართველოში მიმდინარეობს, შემდეგ კი რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფილმის სხვადასხვა სცენების გადასაღებად საფრანგეთში მიემგზავრება.
პროექტისათვის სპეციალურად გამოიყო სამხედრო ტექნიკა და ქვეითთა ბატალიონი 80 კაციანი შემადგენლობით, ფილმში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროც, რომლის დახმარებითაც საომარი მოქმედებების ურთულესი სცენების გადაღება მოხერხდა.
ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს ბერლინის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს „ვერცხლის დათვი", საფრანგეთში „ლუი დელუკის" პრესტიჟული ჯილდო, ასევე ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს ფესტივალების არაერთი ჯილდო თუ პრემია.
ფილმის პრემიერა 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოსა და საფრანგეთში ერთდოულად გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები