ავთანდილ კემულარია 2006 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. 2008 წელს მონაწილეობას იღებდა რუსეთ-საქართველოს ომში, მსახურობდა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. ,,მედიაline“ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას იმ წერილსაც აქვეყნებს, სადაც მინისტრი კემულარიასადმი მადლიერების ნიშნად მის ოჯახს პირადად მიმართავს.
"ქართული ოცნების" მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ვეტერან ჯარისკაცს ავთანდილ კემულარიას პატიმრებზე ძალადობაში ადანაშაულებს.
ავთანდილ კემულარიას ახლა ბრალი აქვს წაყენებული "ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორის ზაზა დავითაიას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დევნისთვის და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის. დაკავებული დევნის ფაქტს არ აღიარებს. მან სასამართლოს განუცხადა, რომ "ასავალ-დასავალის" რედაქტორს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა, გამოელაპარაკა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მანამდე, დავითაიაზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებში ეწერა, რომ კემულარიამ მას კითხა - რატომ ემსახურებით პუტინს და ეფესბე-სო, ამ შეკითხვით ქუჩაში დაწყებულ შელაპარაკებას ჩხუბი მოჰყვა, რის შემდეგაც "ასავალ-დასავალის" რედაქტორმა სახის არეში დაზიანებით საავადმყოფოს მიაკითხა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძის პროსპექტზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ავთანდილ კემულარია მალევე დააკავეს. მისი დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ვეტერან ჯარისკაცს ბრალი იმაზე მძიმე მუხლით აქვს წაყენებული, ვიდრე მის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესატყვისება და რაც მთავარია ბრალდებულს არ უმოქმედია წინასწარი განზრახვით.
ბრალდების მხარე დაჟინებით მოითხოვდა ავთანდილ კემულარიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კემულარია ციხეს მაშინ დატოვებს, როცა მისი ოჯახი გირაოს - 5000 ლარს - დაფარავს.
ძალადობრივი ქმედება დასაგმობია. მას არავინ ამართლებს. ვწერთ იმაზე, რომ იკვეთება "ასავალ-დასავალის" რედაქტორის ცემის ფაქტზე საქმის ხელოვნურად დამძიმების სურათი, რასაც ახლავს ავთანდილ კემულარიას "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერად და პატიმრების მწამებლად წარმოჩენის კამპანია. კემულარიამ რამდენიმე თვის წინ დატოვა "თავისუფალი ზონა." ბოლო დროს ის ბიზნესის მიმართულებით სწავლით იყო დაკავებული. დავითაიას ცემის ფაქტის შემდეგ "ასავალ -დასავალი" ავრცელებდა ცნობებს, რომ მის რედაქტორს ფიზიკური შეურაცხყოფა "თავისუფალი ზონის" წევრმა მიაყენა. ახლა კი "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყანა ინტერვიუ ყოფილ "პოლიტპატიმარ" ტრისტან წითელაშვილთან, სადაც ის ამბობს: "მოგეხსენებათ 2008 წლის ავისტოს ომის შემდეგ დამაპატიმრეს და როცა გლდანის ციხეში მოვხვდი კემულარიაც იქ დამხვდა.ციხეში იყო ჯგუფი, რომელიც ღამის 11 საათის შემდეგ შედიოდა და უმიზეზოდ სცემდა პატიმრებს. აი ამ ჯგუფში იყო კემულარია და იცით რას აკეთებდა? ე.წ საკნების შემოწმებაზე შემოდიოდა, საწოლიდან მატრსს, "ადიელას", ყველაფერს ძირს დაყრიდა, 'ტუმბოჩკას" გამოაღებდა და რასაც იქ ნახავდა, თეფშს,ჭიქას პურს ძირს დაყრიდა. შემდეგ დადგებოდა, კარგა ხანს გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას და გავიდოდა. ის იყო ჩვეულებრივი ციხის ჯალათი და მიკვირს სანამ ზაზა დავითაიას თავს დაესხმებოდა, მანამდე რატომ დადიოდა გარეთ? ციხეში რატომ არ იჯდა?"
დავინტერესდით რას ეფუძნება ეს ბრალდება. ვეტერანი ჯარისკაცის დამ რუსუდანმა მოგვაწოდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ავთანდილ კემულარია მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების რუსთავის დაწესებულებაში 2004 წლის ივლისიდან 2006 წლის მარტის ბოლომდე და იყო დაწესებულების დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფის დაცვის განყოფილების გუშაგი. კემულარიას და ირწმუნება, რომ ამ პოზიციაზე მის ძმას არანაირი შეხება აქ ჰქონია პატიმრებთან. ტრისტან წითელაშვილი კი" ასავალ-დასავალს" ეუბნება, რომ ავთანდილ კემულარია 2008 წელს მუშაობდა საპატიმროში, იქ პატიმრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ეს თავად აქვს ნანახი.
რუსუდან კემულარია აცხადებს, რომ მისი ძმა ავთანდილ კემულარია 2006 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. 2008 წელს მსახურობდა გორში, იქიდან მიიღო მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში, ომის შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში, იქ დაიწყო მზადება ავღანთეში წასვლისთვის, სადაც მოგვიანებით მსახურობდა კიდეც საერთაშორისო მისიაში, საქართველოს სამშვიდობო ბატალიონში. 2013 წელს ავთანდილ კემულარიას ოჯახმა მიიღო თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ეს წერილი:

ქალბატონო ვენერა/ ბატონო თამაზ
მინდა გულწრფელი მადლობა გითხრათ თქვენი შვილის მიერ სამშობლოდან შორს, ავღანეთში გაწეული თავდადებული სამსახურისთვის.
ავთანდილი ავღანეთში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში პირნათლად და ვაჟკაცურად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
მსოფლიოში არ არსებობს პროფესია, რომელიც ასეთ თავგანწირვას და პატრიოტიზმს მოითხოვს. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია იმ ჯარისკაცების გვერდით მსახური, რომლებიც მთელი ცივილიზებული სამყაროს და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ყოველდღიურად თავდადებით და პროფესიონალურად ემსახურებიან."
გადავამოწმოთ "ასავალ-დასავალის" ბრალდებები. დავიცვათ საზოგადოება დეზინფორმაციისგან და დავიცვათ კონკრეტული ადამიანები ცრუ ბრალმდებლებისგან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






