28 ოქტომბერს საღამოს 7:30-ზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება სპექტაკლი „სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" .
სპექტაკლი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული და ის საქართველოში იტალიის ელჩის ფედერიკა ფავის ინიციატივით იმართება.
„სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" ედგარ ლი მასტერსის სახელგანთქმული „სფუნ რივერის ანთოლოგიის" მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია, რომლებიც მამაკაცთა ხელით მოკლული ქალების ნამდვილ ისტორიებს მოგვითხრობენ.
ფედერიკა ფავიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიიტანოს სათქმელი: ქალთა მიმართა ძალადობა არის დანაშაული და მაყურებელი დააფიქროს ქალების მიმართ დაგროვილი აგრესიის თაობაზე.
ელჩის განცხადებით, სპექტაკლს დაესწრებიან სკოლის მოსწავლეებიც და იმედი აქვს, რომ სკოლამდეც მივა ის გზავნილი, რასაც სპექტაკლი ატარებს.
"ვიცი, რომ ეს მხოლოდ სპექტაკლია, რომელსაც არ შეუძლია შეცვალოს სამყარო, მაგრამ შეგვაქვს მცირე წვლილი ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად”, - გვითხრა ფრანჩესკა პარიზინიმ, რომელიც საპროდუსერო კომპანიის წარმომადგენელია.
“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” პირველად 2012 წელს დაიდგა იტალიაში. ბოლო ერთ წელია პროექტმა იტალიის საზღვრებს გასცდა და მსოფლისო მრავალ ქალაქში, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინასა და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში დაიდგა.
სასცენო მონოლოგებს წაიკითხავენ საქართველოში იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ანა არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, მანანა კობახიძე, ერიკა კრაპილოვა, ეკა მიშველაძე, ტურკ პირიო, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე, მაკა ჩიჩუა, თეა წულუკიანი და ქართული საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლები.
მსოფლიოს მასშტაბით სპექტაკლი რამდენიმე ქვეყანაშ დაიდგა და მასში ცნობილმა საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის კლაუდია კარდინალემ და იორდანიის დედოფალი ნურიმ.
მასალის გამოყენების პირობები