ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პირველ და ორ ნოემბერს „კარმენი“-ს პრემიერა გაიმართება. „კარმენი“-ს დასადგმელად ბათუმში ცნობილი რეჟისორი, გიზო ჟორდანია და თბილისის საოპერო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ჩავიდნენ, საზღვარგარეთ წასული თეატრის სოლისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. სამ თვიანი შეუსვენებლი რეპეტიციების შემდეგ პრემიერაც დაიგეგმა.
„კარმენი“ პირველად აჟღერდება ბათუმში და ეს სპექტაკლი დასისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება! მთავარ პარტიებს იმღერებენ - ინგა ჯახუტაშვილი, ირაკლი კახიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, მამუკა ლომიძე, ზაზა ხამათაშვილი, არმაზ დარაშვილი, ნანა ძიძიგური, ნონა კორიფაძე, ლევან მაკარიძე, ირმა ჟღენტი.
ნიშანდობლივია, რომ ყოველწლიურად მდიდრდება ბათუმის საოპერო დასის რეპერტუარი, ამიტომ ახალგაზრდა სოლისტებისა და მთლიანად დასის მხარდასაჭერად ბათუმში ჩადიან ლეგენდარული ქართველი საოპერო მომღერლები - ცისანა ტატიშვილი, მედეა ამირანაშვილი, თამარ გურგენიძე, თენგიზ მუშკუდიანი. ისინი იუბილარ რეჟისორს, გიზო ჟორდანიას დაბადების დღესაც მიულოცავენ, რომელსაც 80 წელი სწორედ „კარმენზე“ მუშაობის დროს შეუსრულდა.
ცნობილი საოპერო პრიმადონა ცისანა ტატიშვილი აღნიშნავს:
„მარინა ჯახუტაშვილის დიდი სურვილი, ბათუმისთვის შეენარჩუნებინა საოპერო დასი, საზოგადოდ მამულიშვილური საქმეა. ფაქტობრივად, მან თავიდან აღადგინა დასი, გაზარდა სრულიად ახალი თაობა. ამ დასში ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, შესანიშნავი ხმებით, მდიდარი და მახვილი შემოქმედებითი ინტუიციით. ვოკალური და სამსახიობო პრინციპები, ისე ორგანულადაა შერწყმული მათ შემოქმედებაში, რომ როცა ვუსმენ და ვუცქერ, მავიწყდება, რომ საოპერო სპექტაკლზე ვარ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბათუმს შესანიშნავი მსმენელი ჰყავს და ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს კარგი საოპერო თეატრი. მჯერა, რომ აჭარის მთავრობა ხელს შეუწყობს ამ ახალგაზრდული დასის წარმატებას და შემოქმედებით აღმავლობას!“
მასალის გამოყენების პირობები