ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან ამ დრომდე ხალხმრავლობაა. ადგილობრივები დაშლას არ აპირებენ. მუსლიმი მოსახლეობა სოფელ მოხეში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულია 14 პირი. სამი დაკავებული სამართალდამცავებმა გუშინ ღამით ბორჯომის პოლიციაში გადაიყვანეს. 11 მათგანი კი ამ დრომდე ახალციხის პოლიციაში რჩება.
შეკრებილების ერთერთი მთავარი მოთხოვნა სოფელ მოხეში შენობის მოსახლეობისთვის გადაცემაა. მათი განმარტებით, ამ შენობაში წლების განმავლობაში მეჩეთი ფუნქციონირებდა, შემდეგ კულტურის სახლი, მოგვიანებით კი შენობა უფუნქციო იყო. აქციის მონაწილეები წინასაარჩევნო პერიოდსაც იხსენებენ.
„არჩევნების წინ გუბერნატორი შეგვხვდა, მოიყვანა ე.წ. ჩვენი მუფთი, თუ მისი ნებით ამოვიდა, ვერ დავადასტურებთ. იყო რაიონის გამგებელი, ბატონი ზაქარია, მოვიდნენ, გვითხრეს, ყველამ დადეთ 41-41 ლარი და შენობა სამუფთო სამმართველოს გადმოეცემაო. სიმბოლური თანხა, გაიგებთ კარგად რატომ ითქვა ეს“, - აცხადებს სოფლის მოსახლეობა.
მასალის გამოყენების პირობები






