"ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს. ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მისი მოგვარების გარეშე საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება. მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ მიმართულებით დღემდე განხორციელებული ღონისძიებები იყო ფრაგმენტული და არასაკმარისი. აუცილებელია მეტი აქტიურობა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან პრობლემის გააზრებისა და გადაჭრისთვის.
ქალთა მიმართ ძალადობა არის კომპლექსური პრობლემა, რაც გარკვეულწილად განპირობებულია ქვეყანაში გავრცელებული კულტურული, სოციალური და პოლიტიკური სტერეოტიპებით. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის მოგვარებაში.
ცესკოს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია: ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ცესკო წლებია მუშაობს, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და ახალი ამოცანები დაგვისახა. ცესკოს გადაწყვეტილებით, ქალთა გაძლიერება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხდება ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი და მისი ასახვა მოხდება ცესკოს ახალ სტრატეგიულ გეგმაში." - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






