„აკადემია სტუდენტებს და ლექტორებს“, - ამ შინაარსის პლაკატების, შეძახილებისა და საყვირების ფონზე დაიწყო სამხატვრო აკადემიის, ახლადარჩეული რექტორის, პირველი სამუშაო დღე.
სტუდენტების აქცია სამხატვრო აკადემიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. იქ შეკრებილი სტუდენტების ნაწილი რექტორის არჩევნების შედეგბის გაბათილებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მათთვის გია გუგუშვილის კანდიდატურა მიუღებელია.
გარდა ამისა, ისინი ერთ-ერთი ყიფილი ლექტორის, ლუიზა ალფერაძის სასწავლებელში დაბრუნებასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილე სტუდენტების თქმით, აკადემიის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს პირველკურსელებს აჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ რეალურად უმაღლეს სასწავლებელში არ არის ის დონე რაც უნდა იყოს.
მათივე განმარტებით, გია გუგუშვილი ვერ შეძლებს აკადემიაში იმ ძირეული რეფორმების გატარებას, რაც აუცილებელია.
გია გუგუშვილი შენობის გარეთ მყოფ სტუდენტებს დიალოგს სთავაზობს და აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ ეპატაჟური ქმედებების ნაცვლად საკუთარი ხედვები წარმოადგინონ.
შეგახსენებთ, რომ აკადემიის ახალი რექტორი გუშინ, 14 ოქტომბერს დილით აირჩიეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც სასწავლებლის გარეთ არის შეკრებილი მათი კანდიდატის, გია ეძგვერაძის არჩევას მოითხოვდა, რომელსაც აკადემიურმა საბჭომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






