ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა- ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. დემოგრაფებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ .ნაწილი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა უმნიშვნელოდ მოხდა. მეორე ნაწილი კი მსგავს გაანგარიშებას არასწორს უწოდებს და ამგვარ ტენდენციას საეჭვოდ თვლის.
მინისტრის თქმით კი, ბოლო პერიოდში საქართველოში არა მარტო მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა , არამედ ბავშვთა სიკვდილიანობაც შემცირდა. მინისტრის განცხადებით პენსიონერთა რაოდენობა 8 ათასით არის გაზრდილი.
დემოგრაფიის და სოციალოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ პენსიონერთა რიცხვის მატება გარდაუვალი იყო, რადგან მაღალი ემიგრაციის ფონზე , საქართველოს მოსახლეობის ხვედრითი წილი ძირითადად 40-60 წელზე მოდის.
„მაჩვენებლების ზრდა იმის ბრალია, რომ ჩვენთან 40 წელზე დაბალ ასაკში მიგრაცია მაღალია, ამიტომ შედეგად ახალგაზრდების ხვედრითი წილი მცირდება და 40 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წილი იზრდება.“
როგორც სულაბერიძე აღნიშნავს მინისტრის განცხადება , რომ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია , არასწორი დაანგარიშების შედეგი შეიძლება იყოს. მისივე თქმით სტატისტიკის დეპარტამენტი გაანგარიშებისას ყველა ფორმულაში მოსახლეობის რაოდენობის ოფიციალურ მაჩვენებელს სვამს, რეალურად კი საქართველოში დაახლოებით მილიონით ნაკლები მოსახლეობა ცხოვრობს. სულაბერიძე იმედოვნებს , რომ მოსახლეობის ახალი აღწერის შედეგად ეს რიცხვები გასწორდება.
„2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, ორივე სქესის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შეადგენს 75 წელს, აქედან მამაკაცებთან არის 70 წელი, ქალებთან 79,4 წელი. რაც შეეხება ჩვენი კვლევის შედეგად არსებულ მაჩვენებელს , ორივე სქესის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 71 წელია- 67 მამაკაცებში და 76 ქალებში. 9 წელი განსხვავება ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის ძალიან მაღალია, ასე არც ერთ ქვეყანაში არ არის, არის ხოლმე 3-4 წლიანი სხვაობები. ეს ნიშნავს რომ მამაკაცთა სიკვდილიანობა მაღალია სტრესული სიტუაციების გამო“- აცხადებს სულაბერიძე.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






