"კვირის ქრონიკა" წერს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთ მომღერალზე კომპრომატები გააჩნდა, რომელიც ამჟამად, მოქმედი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა.
როგორც გაზეთი წერს, მოსკოვში გამართული „თბილისობის“ ღონისძიების შემდეგ, გაიჟღერა ვერსიამ იმის შესახებ, რომ არსებული ჩანაწერების გამოაშკარავების შიშით, მომღერლებმა პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალეს.
„მოსკოვში ჩატარებულმა „თბილისობამ“ გასულ კვირას, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა. ეს უკვე მეოთხე „თბილისობა“ იყო, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, მაგრამ ყველაზე სკანდალური. ამ სკანდალის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მოსკოვის მერიისა და მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას მიერ დაფინანსებულ კონცერტზე ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი ამღერდნენ.
მგონი, შეხსენება არ გინდათ, ეს მომღერლები ადრე ვის უმღეროდნენ და ვის უკმევდნენ გუნდრუკს. სამივენი „ნაცმოძრაობის“ მომღერლებად ითვლებოდნენ, მათ აქტიურ მხარდამჭერებად და თავის დროზე, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებდნენ... „ნაცების“ სათაყვანებელი მომღერლები მოსკოვის მერიის, ანუ პუტინისა და მისი ახლობლის, ანუ ისევ პუტინის მიერ გამართულ კონცერტზე გამოვიდნენ? როცა ეს გააცნობიერეს „ნაცმიმდევრებმა“, მთლად ჭკუაზე გადავიდნენ, სოციალურ ქსელში „ჩაქოლეს“ სამივე მომღერალი.
ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებს იღებდნენ სახელმწიფო ღონისძიებებზე გამოსვლისას, „ნაციონალთა“ კორპორაციულ ღონისძიებებზეც მღეროდნენ და იქაც კარგად უხდიდნენ. სამივენი, ბოლოს და ბოლოს, „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა.
ნინი ბადურაშვილმა, 2011 წლის 26 მაისს სისხლით მორწყულ რუსთაველზე საქართველოს ჰიმნიც დააგუგუნა. ახლა, პოლიტიკური ძალის ერთგულება და ხალხის აბუჩად აგდება უფრო შორს ვეღარ წავა, ხელოვანი უარესს ვეღარაფერს გააკეთებს, მთელ საქართველოს სულში ჩააფურთხა მაშინ ბადურაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ სექტანტები კი გმირს ეძახდნენ. აი, ამის მერე, იმ ხალხს რომ უღალატებ, რომელმაც უამრავი ამაგი დაგდო, რომელთა გულისთვის ათასობით ადამიანს თავი შეაძულე და შენი სიმღერა კი არა, ხსენებაც აღარ უნდა, მათ რაც გულს გაუხეთქავს, იმას რომ გააკეთებ და მოსკოვში წახვალ, მგონი, მართლა „ტეხავს“. თუმცა, ბადურაშვილი კარგა ხანია გაემიჯნა „ნაცმოძრაობას“ და საამისო მიზეზიც აქვს. მოგეხსენებათ, მისი ბაბუა ცნობილი მსახიობი, იმედა კახიანია, რომლის ძმისშვილი, გიორგი კახიანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატია ამ კოალიციიდან, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ. ის კახი კალაძის მეგობარია და სწორედაც მან წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს სამტრედიის მაჟორიტარ კანდიდატად, როცა თავად მინისტრი გახდა. მოკლედ, დღევანდელი ხელისუფლების ერთერთი გავლენიანი კაცი, გიორგი კახიანი ნინის ბიძაა და არჩევანის გაკეთება ბადურაშვილს, ადრე თუ გვიან, მოუწევდა ოჯახის ან „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ბიძის გადეპუტატება, ბადურაშვილისთვის „მაშველი რგოლი“ გამოდგა და მას მაგრად ჩაეჭიდა.
ლელა წურწუმია კი ბოლო მომენტამდე გვერდში ედგა „ნაციონალებს“. გიგი უგულავა რომ დაიჭირეს, „მშვიდობის ხიდზე“ გიგილოს მხარდამჭერ აქციაზეც მივიდა, ტელევიზიებს კომენტარიც მისცა და აქო და ადიდა ეს ჩვენი უგულავა და მისი დაჭერა გააპროტესტა, „ვდრუგ“ და ეს ლელა წურწუმია მოსკოვში, პუტინის დაფინანსებულ კონცერტზე გამოდის. „ტეხავს“. რა, მაგრად „ტეხავს“. ნინო ჩხეიძე კი ყველაზე დიდი ახლობელი იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა. მისი მეუღლე ვანო მერაბიშვილის მეგობარია. მერაბიშვილი, ვიდრე დაიჭერდნენ, გიორგი კორახაშვილის სახლში ცხოვრობდა ოჯახით, რატომ ცხოვრობდა მის სახლში, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. სწორედ „ნაცების“ მფარველობით გახდა კორახაშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულო ბიზნესმენი... ცნობილია, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ ოპონენტებს და მტრებს, თავისიანებსაც არ ენდობოდა და თითქმის ყველა მათგანზე ფარული ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. იმასაც ამბობენ, კომპრომატები ჰქონდა თავის კარის მომღერლებზეცო. ისიც ვიცით, რომ ამ ჩანაწერების სრული თუ არა დიდი ნაწილი ხელისუფლების ხელში გადმოვიდა. მოსკოვური „თბილისობის“ შემდეგ ის ვერსიაც ამუშავდა, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გავრცელების შიშით შეიცვალეს „მიშას დამკვრელებმა“ პოლიტიკური ორიენტაცია და ახალ ნავში გადასხდნენ. ისე, ამათგან იმდენი რამე გვახსოვს, გასაკვირი მართლაც არაფერია... “, - წერს გაზეთი.
წყარო: კვირის ქრონიკა
მასალის გამოყენების პირობები






