ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს განათლების სამინისტროსთან პრეტენზიები აქვთ. ამ საკითხზე მსჯელობა დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პარლამენტში მოუწევს. თამარ სანიკიძე განათლების კომიტეტის სხდომას დაესწრება და დეპუტატებს მეცნიერების განვითარების მიმართულებით ჩატარებული მუშაობის ანგარიშს გააცნობს.
შეხვედრა ქართველ მეცნიერთა ინიციატივით დაიგეგმა. განათლების მინისტრი სწორედ მეცნიერების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მეცნიერთა დაფინანსების საკითხებზე ილაპარაკებს და დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხებს.
კომიტეტის სხდომას არ დაესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, თუმცა მათი თქმით, შეეცდებიან შეკითხვები მიაწოდონ მინისტრს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა უნივერსიტეტების ბიუჯეტებიდან მილიონობით ლარის გაუჩინარებაა.
„განათლების მინისტრმა უნდა გასცეს ძალიან ბევრ კითხვას პასუხი. პირველ რიგში, მეცნიერების დაფინანსების მიმართულებით - რატომ გაქრა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტების ბიუჯეტებიდან 20 მილიონი ლარი, რომელიც მიდიოდა კვლევების დაფინანსებაზე. ძალიან ცუდია როცა მინისტრი გაურბის ჩამოსვლას ქუთაისში“, - აცხადებს უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






