,,ჯიღაურას ეროვნულ ცენტრში ვაზისა და ხეხილის უნიკალური ჯიშებია გაშენებული. სწორედ აღნიშნული მეურნეობა იქნება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ბაზა. დღევანდელი ღონისძიების ძირითად მიზანს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების კიდევ უფრო ახლოს გაცნობა წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის ღონსიძიებები, ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული კულტურისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ბაზაზე გაშენებულია საღვინე და სასუფრე 840-ზე მეტი ჯიშის ვაზი (440 ქართული და 400-ზე მეტი უცხოური).სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, უცხოელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე არსებული ვაზის უნიკალური ჯიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მართლაც რომ საერთაშორისო სტანდარტების ბაზაზე - ჯიღაურას ეროვნულ ცენტრში, სადაც მრავალი სახეობის უნიკალური ჯიშის ყურძენია გაშენებული. დღეს,სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, მოვიწვიეთ დიპლომატიურ კორპუსი, რათა მონაწილეობა მიიღონ რთველში. დიპლომატები ამას ყოველთვის ხალისით აკეთებენ“, -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ქართული ტრადიციების მიხედვით, რთველში მონაწილეობის შემდეგ, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში ჩაერთვნენ.გაიმართა რთველის პროცესის თანმხლები ქართული ტრადიციული ღონისძიებებიც: თათარის მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება და ქართული ტრადიციული კერძების მომზადება. რთველის პროცესს, განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქართული ფოლკლორული სიმღერა ანიჭებდა.
მასალის გამოყენების პირობები






