ამერიკული გამოცემა - „ბლუმბერგის“ ცნობით, საქართველოს მკვიდრი, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთერთი ლიდერი, წითურ გენერლად წოდებული, ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, პანკისის ხეობაში მცხოვრებ მამას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ისლამისტთა შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება.
„მამა ნუ ღელავ, მე ჩამოვალ სახლში და ვაჩვენებ რუსებს. ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი მოდის და ისინი მეტნი იქნებიან“.
მანამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ალ-შიშანი აცხადებს: „ჩვენი მიზანი ნათელია და ყველამ იცის, რატომაც ვიბრძვით. ჩვენი მიზანი ხალიფატის შექმნაა“. აღსანიშნავია, რომ ხალიფატმა პრეტენზია საქართველოზეც განაცხადა.
აღნიშნული საკითხი „ალიასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძემ შეაფასა:
„ეს ძალები უკვე მესამე წელია გააქტიურდნენ. ბოლო ერთი წელია, რაც აქტიურად დაიწყო დამოუკიდებელი თამაში ამ ისლამურმა ფორმირებამ, რომელიც მანამდე ცნობილი იყო „ერაყისა და ლევანტის განმათავისუფლებელი ფრონტის“ სახელით. ეს არის იმ 14 დაჯგუფებიდან ერთერთი, რომელიც ებრძვის ასადის რეჟიმს. რახან ის ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბდა და „ალ-ქაიდასგან“ გამოვიდა, ამიტომ გამოჩნდა ის უკვე აქტიურად.
ამ მთელი დაჯგუფების მეთაური არის თარხან ბათირაშვილი და ჰყავს 25 ათასი მებრძოლი. რომ მოინდომოს, მეტი ეყოლება, რადგან ერაყის მოსახლეობის სუნიტური ნაწილი უჭერს მხარს მას. მათ აქამდე არც ფინანსური, არც ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონდათ, ახლა უზარმაზარი ფინანსური ნაკადები აქვთ.
ბათირაშვილი ქართველია, ის ჩეჩენი არაა, ფშაველია. მუსლიმანია და ქისტი დედა ჰყავს. მიუხედავად ამისა, მაინც ეჭვი მეპარება საქართველო საყრდენად გამოიყენოს. ახლა მთავარია კითხვა, არიან თუ არა ისინი აქ ჩამომსვლელები? მიუხედავად იმისა, რომ პუტინს პირადად გაუგზავნეს მუქარის მიმართვა, ეს ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ მიატოვებენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები და დაიძვრებიან პოსტსაბჭოთა სივრცისკენ“, - განაცხადა არეშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






