„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ პრეზიდენტი, ქეთევან მელაძე, „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში დაბალი დონის მომსახურებაა.
„არ არსებობს არანაირი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს სასტუმრო, რესტორანი და ა.შ. უცხოეთში. ევროპაში, ამერიკაში, არსებობს სპეციალური, ეროვნული სტანდარტები, რომლებიც, ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში უნდა დაინერგოს. ამ უცხოური სტანდარტებიდან გადმოვიღებთ გარკვეულ ნაწილს და მოვარგებთ ქართულ რეალობას. რაც შეეხება „იდუმალ სტუმარს“, ეს იქნება ჩვენი, შიდა კადრი, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, ფედერაციის შიგნით. ეს ადამიანი შევა გარკვეულ ობიექტებში, გააკონტროლებს, ნახავს, რამდენად შეესაბამება არსებული სიტუაცია იმ სტანდარტებს რომელსაც შევიმუშავებთ. ამის პარალელურად გვექნება ურთიერთობა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან, გავაშუქებთ ამა თუ იმ ობიექტში არსებულ სიტუაციას. სტანდარტები უნდა შევიმუშაოთ და სანამ ეს სტანდარტები არ შემუშავდება ვერ ვიტყვით, რა არის, ან არ არის დარღვევა“, -აცხადებს მელაძე.
მისი განცხადებით, სიახლე ამოქმედდება არა ხვალ და ზეგ, არამედ გარკვეული ეტაპის შემდეგ.
„ჯერ სტანდარტები უნდა შევიმუშაოთ, გადავამზადოთ მომსახურე პერსონალი, რომელთა გადამზადებასაც ნოემბრიდან დავიწყებთ“, - აცხადებს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ პრეზიდენტი.
წყარო: გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






