2014 წლის "თბილისობის" საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ყველა რაიონში ჩატარდება.
ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დამტკიცდა.
მისი თქმით, "თბილისობის" ბიუჯეტი ამ ეტაპზე 850 ათას ლარამდეა. ნარმანიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად სიახლე დღესასწაულზე, განსაკუთრებულად მზრუნველი ადამიანების დაჯილდოება იქნება.
2-დღიან ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ღვინის ფესტივალიც.
დავით ნარმანიას თქმით, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეული იქნება იმითაც, რომ წელს პირველად დასახელდებიან „თბილისზე მზრუნველი“ ადამიანები, რომლებსაც დედაქალაქის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცემათ. ტრადიციულად, დასახელდებიან საპატიო თბილისელებიც. მათ გამოსავლენად შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს.
„თბილისზე მზრუნველი იქნება განსხვავებული ნომინაცია, სადაც არ არის აუცილებელი, მხოლოდ ღვაწლმოსილი ადამიანები დავაჯილდოვოთ. ეს წოდება მიენიჭებათ ადამიანებს, რომლებმაც, მიუხედავად მათი ასაკისა, უკვე შეიტანეს საკუთარი წვლილი და აქვთ გარკვეული დამსახურება დედაქალაქის განვითარების საქმეში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






