სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში მდებარე საქაბაბე ი/მ "ტარიელ იბრაგიმოვს", ასპინძაში - სურსათის მაღაზია ი/მ "იური ბერიძეს" და თელავში - რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმო ი/მ "გურამ მჭდლიშვილს" კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ მარნეულში მდებარე საქაბაბეში, ხორცის შენახვის სათანადო პირობები უზრუნველყოფილი არ იყო, მაცივარი ამორტიზებული იყო, საქაბაბეს არ გააჩნდა წყალმომარაგება და არ ხდებოდა იმ საგნებისა და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაში იყო მზა სურსათთან.
თელავში მდებარე რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში კი წარმოების პროცესის პარალელურად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა, საწარმოში არ ხდებოდა იმ საგნების, აღჭურვილობისა და მოწყობილობების დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამ კრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად საწარმოში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მწერი და შენობა არ იყო დაცული მღრღნელებისგან.
ასევე დადგინდა, რომ ასპინძაში მდებარე მაღაზიაში არ იყო ცივი და ცხელი გამდინარე წყალმომარაგება, გარდა ამისა, მაღაზიაში ხორცი იყიდებოდა შესაბამისი მოწმობა "ფორმა 2"-ის გარეშე.
ჩამოთვლილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო სამივე ბიზნეოპერატორი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ საწარმოო პროცესი სააგენტოს სპეციალისტების გადაწყვეტილებით ამ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






