გურიაში 2 ახალი საწარმოს მშენებლობა იწყება, ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი აშშ დოლარია და ორთავე სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმო იქნება.
ეს სწორედ იმ გეგმის ნაწილია, რაზეც გურიის მხარის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე თვეების წინ საუბრობდა და რასაც გურიის რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და სასოფლო-სამეურნეო კუთხით აღმავლობა ქვია.
პროექტები, რომელთაც ბედი უკვე გადაწყვეტილია, დაფინანსებულია და სულ მალე მშენებლობაც დაიწყება, ორთავე სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმო იქნება და რაც ყველაზე საინტერესოა, ორთავეს წარმოშობით ოზურგეთელი ძმები, ზურა და გოჩა ჩხაიძეეები ააშენებენ. ერთი აშენდება ჩოხატაურში, მეორე - ოზურგეთში, კერძოდ, ანასეულში. ერთი გადაამუშავებს (3-5 000 ტონამდე) უხარისხო ხილს და მისგან მიიღებს სპირტს, მეორე საწარმო კი ასევე დაბალი ხარისხის ხილს (3-5 000 ტონამდე ) გლეხისაგან ჩაიბარებს და გადაამუშავებს ჯემებისა და კომპოტების სახით. ამით მეტ-ნაკლებად გვარდება გურიის მოსახლეობის ყველაზე მტკივნეული ე.წ.,,ნს“-ის პრობლემა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია . ჩვენ სავსებით სწორად და მიზანმიმართულად დავაკავშირეთ ერთმანეთს დაინტერესებული მხარეები-ბიზნესმენი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სახით. გუბერნიის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, მე პირადად, სწორედ ამაში ვხედავ. მოლაპარაკებებშიც აქტიურად ვიყავით ჩართულები და შედეგმაც არ დააყოვნა. აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი იმუშავებს: შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გლეხს შეეძლება თავის კარმიდამოში მოყვანილი თითქმის ყველა სახეობის ხილი ჩააბაროს.
სახელმწიფო, რომელიც ამ პროექტების თანადამფინანსებელია და მთლიანი ღირებულების თითქმის 40% თავად გასცემს, ამავდროულად რეკომენდაციას უწევს ბენეფიციარებს საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღნიშნულ მშენებლობებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის(დაახლოებით ღირებულების 50% ზე) გაცემის თაობაზე“-აღნიშნა გურიის მხარის გუბერნატორმა.
მასალის გამოყენების პირობები






