აფხაზეთის პარლამენტი მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთასა და აფხაზეთის სხვა რაიონებში საცხოვრებლის შეძენის უფლებას აძლევს.
უძრავი ქონების შესყიდვაზე შეზღუდვა ჯერ კიდევ ბაღაფშისა და ანქვაბის დროს მოქმედებდა და მისი მიზანი აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური გადარჩენა იყო. „რესპუბლიკის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა კი საფრთხეს ჩავლილად მიიჩნევს, შეზღუდვის აუცილებლობას ვერ ხედავს და მისი გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ამჟამად არსებული კანონმდებლობით, რუსებს უპრობლემოდ შეუძლიათ ომის შემდეგ აშენებული საცხოვრებელი სახლის ყიდვა, მაგრამ ასეთი მშენებლობა აფხაზეთში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით , მეორად ბაზარზე გაგრაში 1 კვ/მ საცხოვრებელი ფართი 80 000 რუბლი ღირს, ბიჭვინათაში 72 000.
პირველადი ბაზრის სტატისტიკა არ არსებობს. ვინაიდან ახალი საცხოვრებელი სახლები აფხაზეთში პრაქტიკულად არ შენდება, რაც ამ დროისთვის აშენდა ეს, ძირითადად სამხედრო დასახლებებია და ბაზები ოფიცრებისთვის.
არ არის გამორიცხული, რუსებმა ქართველების მიერ დატოვებული უძრავი ქონება შეიძინონ. არსებული ინფორმაციით, მყიდველთა შორის რუსეთის ფედერაციისა და სირიის მოქალაქეები სჭარბობენ. უძრავ ქონებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება იმ ქართველებს ჩამოართმევს, ვინც ქართულ აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეობდა.
ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით : „კანონის გვერდის ავლით, რუსები ყოველთვის ახერხებდნენ, შეეძინათ საცხოვრებელი ბინები მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უამრავი მაგალითია, უკვე „საპარლამენტო" ინიციატივის დონეზეა საკითხი , რომ მათ მიერ საცხოვრებელი სახლის ყიდვა კანონით დაუშვან და აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნას. მართალია , ახალი ობიექტების ყიდვის უფლება ამ ეტაპზე აქვთ, მაგრამ აფხაზეთში ახალი, პრაქტიკულად არაფერი შენდება. იქ დასახლების უფლებას რუსები კანონიერად მიიღებენ და შეიძლება მშენებლობაც წამოიწყონ, რაც აფხაზებისთვის ცუდად დამთავრდება. რაც მეტი ქონება გადავა რუსების ხელში , აფხაზებს საკუთარ ტერიტორიაზე ნაკლები კონტროლი ექნებათ. რაც მეტი რუსი დასახლდება , პროპორციულად შემცირდება მათი გავლენა. ბაღაფშ-ანქვაბს კარგად ქონდათ ეს საფრთხე გაცნობიერებული, რუს ბიზნესმენებზე თავდასხმაც ხდებოდა და გარკვეულწილად იდევნებოდნენ კიდეც, ახლა პირიქითაა, აფხაზეთის დღევანდელი მთავრობა მათ გზას უხსნის, რომ გახდნენ უძრავი ქონების მფლობელები და დასახლდნენ იქ“- განმარტავს ცქიტიშვილი
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






