გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომელსაც გასული წლის ხუთ თვეში, ტემპერატურული კორექტირების კოეფიციენტით, ბუნებრივი აირის გარკვეული ოდენობა დაერიცხა, ბუნებრივი აირის საფასური დაუკორექტირდება.
ამის შესახებ დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ განაცხადა.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე საკრებულომ ერთი თვის წინ ბუნებრივი აირის ტარიფის ოდენობასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას, საიდანაც მიღებული პასუხით ირკვევა, რომ ,,სს ,,გორიგაზის“ იმ აბონენტებს, რომელთაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა დაერიცხათ ტემპერატურული კორექტირების კოეფიციენტით 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, აქვთ სამართლიანი უფლება, ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ სს ,,საქორგგაზს“ (სს ,,გორიგაზის“ სამართალმემკვიდრე) და მოითხოვონ მოხმარებული ბუნებრივი გაზი საფასურის დაკორექტირება, ხოლო სს ,,საქორგგაზის“ მიერ აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში აბონენტებმა ინდივიდუალურად შესაბამისი განცხადებით უნდა მომართონ კომისიას“.
"ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარებისთვის მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთრის სეზონზე ტემპერატურული კორექტირების კოეფიციენტის გათვალისწინებით მოხმარებულ გაზზე მეტი თანხის გადახდა უწევდათ და აინტერესებდათ რამდენად კანონიერი იყო ამ თანხის გადახდა. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ მივწერეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და მივიღეთ პასუხი, რომ გაზის კომპანიამ მოსახლეობის მიერ უკვე გადახდილი ბუნებრივი აირის საფასური უნდა დააკორექტიროს. რა ფორმით მოხდება საფასურის კორექტირება ეს კომპანიის გადასაწყვეტია“,-განაცხადა პაპუნა კობერიძემ და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაინტერესებულია მოსახლეობის დახმარებით და მათი პრობლემების მოგვარებით.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა წერილობითი რეკომანდაცია ,,სოკარჯორჯია ქართლი-გაზის“ გორის ბიზნესცენტრს და სთხოვა უმოკლეს ვადაში რეაგირების მოხდენა აღნიშნულ საკითხზე.
მასალის გამოყენების პირობები






