დღეს ქართველი მწერალის გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. მწერალი 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა, 2007 წლის 16 ნოემბერს კი გარდაიცვალა. ჩოხელი დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, და მღდვლის ცოდვა.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა, ადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
გოდერძი ჩოხელმა საკუთარ მკითხველს თავი არაერთი ნაწარმოებით დაამახსოვრა. ნაწარმოებებით, რომლებიც ადამიანში მუდამ სევდიან, მაგრამ სასიამოვნო განწყობას აღძრავს. გოდერძი ჩოხელი უნიკალური სტილის მქონე მწერალია, მისი თხრობის მანერა უშუალოა, თითქოს მწერალი გვერდით გიზის და დაუჯერებელ ისტორიებს მშვიდი, აუღელვებელი ხმით გიყვება.
ფრაზები გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიდან:
„ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი“
„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“
„სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს“
„სიკვდილისა გეშინია?
- რატო მეშინია?!
- რატომ არა?
- იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი“
„ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია“
„ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ“
„თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა“
„რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ - ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს“
„თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ“
„სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ - მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ - მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!“
„კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“
„სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
„მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის“
„სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა“
*******
მე კი დავრჩები ქვეყანას
ჭრელ-ჭრული ყვავილივითა,
თავ-თმაზე შემოსაწნავად,
ნეფიონთ გვირგვინივითა,
სიკვდილ-სიცოცხლის შემკვრელად
ოქროს საამო მძივითა,
დავრჩები გასახსენებლად
ლამაზი სიკვდილივითა
გოდერძი ჩოხელი-“რატომ ტირის ადამიანი?”
- რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა…
– მაინც?
– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
– მერე, რა გატირებს?
-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა…
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
– მერე შენ ამის გეშინია?
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის…
– დასასრული არ არსებობს..
– როგორ თუ არ არსებობს?!
-რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…
– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?
-ეშინიათ და იმიტომ…
– რისი ეშინიათ?
– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…
– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…
– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
– მაშ, რატომ?
– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…
– ეგ რამ გაფიქრებინა?
– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…
– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…
– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…
-იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…
– მერე აღარ იტირებს?
– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.
– დაწერე რა..
– რა?
– მოთხრობა დაწერე ჩემზე…
– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
– არა. იცი, როგორ დაწერე?
– როგორ?
– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…
– მერე?
– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..
– მერე?
– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?
…..
დავწერე…”
მასალის გამოყენების პირობები






