„თავისუფალი ზონის“ ოფისთან დაგეგმილ აქციაზე ცოტა ხნის წინ მელორ ვაჩნაძეც მივიდა. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ვაჩნაძემ განაცხადა, ის მეგობრებთან ერთად „თავისუფალი ზონის“ მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს აპროტესტებს.
მისი თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება და მათი მხრიდან ინციდენტს ადგილი არ ექნება.
„სოციალურ ქსელში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად შევკრებილიყავით და გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით. ნაცემია ზაზა დავითაია და ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი. ე.წ. „თავისუფალი ზონა“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია გადავიდა ძალისმიერ მეთოდზე და სწორედ ამას გავაპროტესტებთ. ამ დროისთვის 10 ადამიანი ვართ აქ მოსული. 15:00 საათზეა აქცია დაგეგმილი და ნელ-ნელა შევკრიბებით. ჩვენ გვინდა აღიკვეთოს „თავისუფალი ზონისა“ და მსგავსი სატელიტი ორგანიზაციების თავხედობა საქართველოში. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ მსგავს შემთხვევაში დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენი მხრიდან ინციდენტს ადგილი არ ექნება და თუ მეორე მხარისგან იქნება, ბევრი პოლიციელია აქ და ალბათ აღკვეთენ ამას“, - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.
"თავისუფალი ზონის" ოფისთან 15:00 საათზე გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების აქციას გეგმავენ.
ისინი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს გააპროტესტებენ.
"თავისუფალი ზონის" ოფისთან მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

მასალის გამოყენების პირობები






