“იმის გამო, რომ ესა თუ ის ადამიანი, ამა თუ იმ ადამიან უწოდებს კანონიერ ქურდს, ამის გამო ადამიანი უნდა დაისაჯოს?!.....”
“მადლობა უფალს, თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ესენი (კანონიერი ქურდები) არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და მათაც ააქვთ უფლებები.....”
“თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება ვინმეს აუკრძალოთ თანაცხოვრების უფლება.....”
“ემორჩილება ქურდულ წესებს. მე ვარ სამართალ გამომყენებელი, მე მინდა ეს წესები წავიკითხო და ვნახო ეს წესები, ქურდული წესები. რა არის ეს წესები, იქნება ისეთი ცუდი რამ წერია, რომ მე აღარ გამიჩნდეს სურვილი მათი დაცვის....”
“ქურდული სამყარო აბსტრაქტული ცნებაა...”
ეს ფრაზები ერთ ერთ გადაცემაში საკმაოდ დიდი ხნის წინ მოვისმინე (დიდი პოლიტიკა 12.12 2013). საშინლად დამძაფრა ამ სიტყვების მოსმენამ, მაგრამ მაშინ რატომღაც დავარწმუნე თავი, რომ ეს საკითხი მხოლოდ ამ გადაცემის თემად დარჩებოდა.
ამ გადაცემის შემდეგ ერთი წელიც არ გასულა და ვხედავთ როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ სირაქლემის პოზაში ყოფნა ძალიან პოპულარულია, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღეს კრიმინალი მატულობს საქართველოში. დღეს თაროზე დროებით შემოდებული ქურდული კანონები ისევ გადმოიღეს ასამოქმედებლად. დღეს ქურდულ სამყაროსთან მებრძოლები ციხეებში ზიან და “რამკიანები” “პაჩოტში” ბრუნდებიან.
წარსულის მოგონებები ისევ ამეშალა. ისევ დავითრგუნე, ისევ დამიბრუნდა ვერ დაძლეული განცდები.
ბავშვობა ავლაბარში გავატარე. ბადიაურის ქუჩაზე. ეს ერთი პატარა ქუჩაა ყოფილი წურწუმიასა და შაუმიანის ქუჩებს შორის. იმ იტალიური სტილის ეზოში, სადაც მე ვცხოვრობდი, შვიდი მოსახლე იყო, აქედან ორი კანონიერი ქურდი. მაშინ მათ სტატუსს “რამკიანი” ერქვა. დღესაც მახსოვხ მათი გარეგნობა, მათი ჩაცმულობა, “ფიზკულტურის” ლურჯი შარვალი, სახლის ღია ჩუსტები და უმკლავებო თეთრი მაისური. დღესაც თვალწინ მიდგას მათ მხრებსა და ტერფების ზედაპირზე ტატუირებული რვაქიმიანი ვარსკვლავები. ამ ორის გარდა უბანში საკმაოდ ბევრი “რამკიანი” ცხოვრობდა. ლოლუა, ფუსფუსა, ნაბადო, მეღორე გოგია. დღეს ყველა მათგანი გარდაცვლილია, მაგრამ ჩემი თაობის ავლაბრელებს კარგად ემახსოვრებათ მათი სახელები.
გულმოდგინედ ვცდილობ მათი სახეები, მათი სახელები, საერთოდ მათი არსებობა ამოვშალო ჩემი ქვეცნობიერიდან. აღარ მინდა ეს მოგონებები არსებობდეს ჩემს აწმყოში. უკვე წლებია ვცდილობ, მაგრამ ვერაფერს ვხდები. როგორც ჩანს ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები თუ ემოციები იმდენად ძლიერია, რომ სამუდამოდ იბეჭდება ჩვენს ქვეცნობიერში და სამუდამოდ რჩება ჩვენთან, ჩვენი ცხოვრების ბოლო ამოსუნთქვამდე.
ვიდრე დედაჩემის მიერ შექმნილ სამყაროში ვცხოვრობდი, ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ვხედავდი, მაგრამ ფერებმა შეცვლა დაიწყო.
ნელ ნელა დავიწყე აღქმა იმ გარემოსი სადაც ვცხოვრობდი. ჩემი შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იცვლებოდა ფერები, სულ უფრო და უფრო მუქდებოდა.
მალე მუქი ფერების არსებობა ჩემს ეზოს და ქუჩას გასცდა და სკოლაშიც შემოვიდა. მაშინ მე7ე კლასში ვიყავი როცა ჩემმა კლასელმა მეორეს საგარეო ტანსაცმელი სთხოვა: “დღეს ქურდთან ავდივართ ბიჭები და ჯინსები მათხოვე”- ო. მერე ნელ ნელა, უფრო და უფრო გამოიკვეთა ის მუქი ფერები რომელიც ასე მრავლად ყოფილა ჩემს გარშემო. ვგრძნობდი, რომ ამ გარემოში რაღაც კანონზომიერება მოქმედებდა, მაგრამ რა, ამას ჯერ ვერ ვხვდებოდი.
ჩვენს უბანში სახლები არ იქურდებოდა, სამაგიეროდ სხვაგან გაქურდული ბინების ნაძარცვი ინახებოდა. ყველამ, დიდიან პატარიანად ზეპირად ვიცოდით სად, ვის სხვენში თუ სარდაფში პოულობდა ადგილს ნადავლი “გასაგრილებლად” ვიდრე გზას გაუდგებოდა.
ყველამ იცოდა რაც ხდებოდა გარშემო და ხმას არავინ იღებდა. არ იღებდა და ვერც ამოიღებდა, იმიტომ რომ არსებობდა კანონი, კანონი რომელიც ქაღალდზე არასდროს დაწერილა და წიგნად არასდროს აკინძულა. კანონი, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც უსიტყვოდ ემორჩილებოდა. კანონი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა და სიცოცხლეს უმწარებდა.
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა , მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს სკოლიდან დაბრუნებისას გზაზე აქა-იქ უმკლავებო, ლურჯ “ფიზკულტურის” შარვლიანი კაცები ჩაცუცქულები ზარს როგორ აგორებდნენ. დღესაც კარგად მახსოვს ის ქუჩის გარჩევები, გინება და დაუნდობელი ცემა-ტყეპა.
ნელ ნელა ვგრძნობდი რომ სიძულვილი მიჩნდებოდა ყველაფრის მიმართ. მძულდა ის უბანი სადაც ვცხოვრობდი, ის ქუჩა, ის სახლი სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყველაფერი მძულდა ჩემს გარშემო.
ძალიან მშურს იმ ადამიანების, ვისაც ნოსტალგია აქვს იმ ადგილების მიმართ სადაც ბავშვობა აქვთ გატარებული. მშურს იმ ადამიანების ვინც ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ეწვევიან ამ ადგილებს და სასიამოვნო მოგონებებით ტკბებიან. არავითარი სურვილი არ მაქვს იმ ადგელების, იმ ქუჩის და განსაკუთრებით კი იმ ეზოს მონახულების სადაც ბავშვობა გავატარე. ერთად ერთი გრძნობა რაც ამ ადგილებთან მაკავშირებს ზიზღია და უდიდესი სურვილი ამოვშალო მათი არსებობა ჩემი მეხსიერებიდან.ამოვშალო ის სახეები რომელნიც სკოლიდან დაბრუნებისას მხვდებოდნენ ქუჩაში.
უკვე სტუდენტი ვიყავი როცა ახალ ბინაში გადავედით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახალი გარემო, ახალი უბანი,ახალი მეზობლები რომელთაგან არც ერთს ტატუირებული რვაქიმიანი ვარსკვლავი აღარ ჰქონდა. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. აქ აღარ ცხოვრობდნენ “რამკიანები”, აქ ვეღარ ვხედავდი ჩაცუცქულ ზარის მოთამაშე კოტონის
ლურჯშარვლიანებს.
გარემოს შეცვლასთან ერთად მეც შევიცვალე. გავნთავისუფლდი, აქა იქ დაიწყო დაბრუნება დედაჩემის მიერ შექმნილი სამყაროს ფერებმა. მიხაროდა, იმედი მქონდა რომ ყველაფერი შეიცვალა, დამთავრდა ის კოშმარი და ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე. მაშინ ვერ ვხვდებოდი რომ ეს მხოლოდ ჩემი ილუზიები ყოფილა.
ერთ საღამოს ინსტიტუტიდან ვბრუნდებოდი და ჩემი საცხოვრებელი კორპუსის წინ ერთ სცენას შევესწარი. ამ სცენამ შოკში ჩამაგდო.
კორპუსის წინ ხალხი ირეოდა. სხვა უბნიდან მოსული უცხოებიც იყვნენ,ჩემი მეზობლებიც ვიცანი. გაირკვა, რომ ჩემს მეზობელს, რომელიც წესიერებით ნადვილად გამოირჩეოდა, სხვა უბნელებთან შელაპარაკება მოსვლია. სხვა უბნელები საქმის გასარჩევად მოვიდნენ. ჩემი მეზობლის დასახმარებლად სხვებიც გავიდნენ კორპუსიდან. დაიწყო საქმის გარჩევა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ცემა-ტყეპა გარდაუვალი იყო. როცა ჩემი მეზობლები საჩხუნრად მოემზადდნენ, ამ დროს ერთ ერთმა მოსულმა უცხოუბნელმა ასეთი ფრაზა წარმოსთქვა: “ბრთხილად ბიჭო, ქურდთანა გაქვს საქმე! ” ამ ერთმა ფრაზამ ყველა გააშეშა. მოსულმა უცხოუბნელებმა ყველას თვალწინ, ყველას დასანახად ისე სცემეს ჩემი, ყველასგან გამორჩეული წესიერი მეზობელი, რომ ვერც ერთმა თითის განძრევაც კი ვერ გაბედა.
მე თვალებს არ ვუჯერებდი, ყურებში რაღაც მიწიოდა. ისევ ის დაუწერელი კანონები, აქაც ის შიში, აქაც იგივე, ყველგან იგივეა. მაშინ მივხვდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, რამდენი ბინაც არ უნდა გამომეცვალა, ყველგან ეს დაუწერელი და წიგნად არ აკინძული კანონები მოქმედებდა თბილისში.
დღეს ყოველი მეორე “უფლებადამცველია” საქართველოში. ისეთ აბსურდამდე მივიდნენ, რომ დღეს საქართველოში “რამკიანების” უფლებების დაცვაც აქტუალური გახდა.
კითხვა მაქვს, ძალიან მაინტერესებს, ვინ დაიცავს უფლებაწართმეული დედაჩემის ან იმ დედების უფლებებს, ვინც იძულებულნი არიან შველები იმ წუმპეში გაზარდონ როგორ გარემოშიც მე მომიწია ბავშვობის გატარება?! ვინ დაიცავს იმ დედების უფლებებს რომელთაც აიძულებენ იმ დაუწერელ კანონებს დაემორჩილონ და შვილებიც დაუმორჩილონ რადგან ვიღაცამ თავისი ცხოვრების ასეთი არჩევანი გააკეთა და ამით სხვებს წაართვა არჩევანი. ვინ დაიცავს იმ ოჯახების უფლებებს ვინც იძულებულნი არიან ჩემი და ჩემი ოჯახის მსგავსად თავისი სიჩუმით იმ კრიმინალური სამყაროს თანამონაწილენი იყვნენ როგორნიც მე და ჩემი უპატიოსნესი ოჯახი ვიყავით.
იქნებ კარგად დავფიქრდეთ მეგობრებო და გავიაზროთ რა გვინდა, როგორი საზოგადოება გვინდა, სადაც დაწერილი და წიგნებად აკინძული კანონების უზენაესობაა თუ სადაც დაუწერელ კანონებს ყველა უსიტყვოდ ემორჩილება, დიდიც და პატარაც.
დალი კლემენტიდეს
ჰელსინკი
30.09.2014
მასალის გამოყენების პირობები






