„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალწარმოების მიზანია, მსგავსი ტიპის საქმეებზე შეიქმნას სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მესამე სექტორის მიმართ, გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სამართლებრივი ანალიზი, აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობებთან დაკავშირებით, არგუმენტაციის გარეშე დატოვა და „ახალგაზრდა ადვოკატები“, განცხადების გამო, ხელისუფლების მხრიდან დაქირავებულ ორგანიზაციად დაასახელა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვერც შეთავაზებულ გონივრულ ვადაში შეძლო, საკუთარი განცხადების დამადასტიურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს. ,,როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი მსჯელობის მიმართ ბრალდება გამოთქმის, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების დავალების ფაქტს. ამასთან, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძვლები, რათა დასაბუთდეს ორგანიზაციის მოქმედი წევრების ნაკლები სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხიც. სხვა შემთხვევაში, ადგილი აქვს საჯარო პირის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შელახველი ცნობების გავრცელებას, რომელიც ნორმალურ ვითარებაში, კანონმდებელმა და კანონის დამცველმა პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს.
საქმე ეხება „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2014 წლის 19 სექტემბრის ბრიფინგზე, აჭარის რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობაში, პარლამენტის წევრ მურმან დუმბაძის პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობების სამართლებრივ შეფასებას, რა დროსაც, ორგანიზაციამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ქცევაში, კონსტიტუციური პრინციპების დარღვევასა და სისხლისამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე მიუთითა.
მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებას, აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, პოლიტიკური განცხადებით უპასუხა და მიუთითა, რომ „ეს „ახალგაზრდა ადვოკატები“ არიან დაქირავებულები. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






