დასავლეთ საქართველოში კვლავ უამინდობა. ბათუმში ძლიერ ქარს ნგრევაც მოჰყვა. ჩამონგრეულია ჯაფარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, უსაფრთხოების მიზნით ქუჩას წყალი და გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება.
რთული სიტუაციაა გურიაშიც. ოზურგეთში, დილიდან, ამ დრომდე ძლიერი წვიმაა. რის გამოც დატბორილია რამდენიმე ქუჩა, გზებზე შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. რისკის ზონებში, მდინარეების დონე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ბოლო ინფორმაციით, სოფელ ნატანებში ხიდი ჩაინგრა.
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგოზებს ვერ აკეთებენ. დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა მთელ საქართველოში ხუთი გრადუსით დაიკლებს.
აღსანიშნავია, რომ წუხელ, ღამის სამ საათამდე გაგრძელდა საგანგებო შტაბის სხდომა სუფსაში. განიხილეს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია - სად არის მოსალოდნელი ვითარების გართულება და რა სამუშაოებია განსახორციელებელი. საშიშროების შემთხვევაში, ანაკლიაში მყოფი უკრაინელი ბავშვების ევაკუაციაც იგეგმება.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში, სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული.
მასალის გამოყენების პირობები






