ღამის სამ საათამდე გაგრძელდა საგანგებო შტაბის სხდომა სუფსაში.
თათბირს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით ჩტარდა, ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაცემული დავალებების შესრულებაზე იმსჯელეს.
განიხილეს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია, სად არის მოსალოდნელი ვითარების გართულება და რა სამუშაოებია განსახორციელებელი.
ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც ეს შესაძლებელია, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. ფოთში დილიდან ისევ წვიმს.
„ყველა რეგიონიდან იყო მოწოდებული ინფორმაცია, სად რა ტიპის დაზიანებას ველოდებით, აგრეთვე მოხდა ყველა პრობლემური ადგილის შეფასება, დაყენებულია საჭირო ტექნიკა, სადაც საშუალებაა, რომ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს, მიმდინარეობს ეს სამუშაოები, ყველა მონაკვეთი აღწერილია და სიტუაცია კონტროლდება“, - განაცხადა შავლიაშვილმა.
სუფსის თათბირამდე საგანგებო შეხვედრა გაიმართა სამეგრელოშიც, ზუგდიდსა და ანაკლიაში რეგიონული განვითარების მინისტრი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იმყოფებოდნენ.
ანაკლიაში დავით შავლიაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სტიქიით მიყენებული ზარალის მაქსიმალურად შემცირების გზებზე ისაუბრა.
ასევე განიხილეს ის ადგილები, რომლებიც სტიქიის შედეგად შესაძლოა ყველაზე მეტად დაზიანდეს. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამეგრელოს საგანგებო სიტუაციათა სამსახური და საპატრულო პოლიცია. ტექნიკა მობილიზებულია მესტიისაკენ მიმავალ გზაზე, მეწყერსაშიშ ზონებში.
საშიშროების შემთხვევაში, ანაკლიაში მყოფი უკრაინელი ბავშვების ევაკუაციაზეც ისაუბრეს. ზუგდიდში გადაუღებლად წვიმს, თუმცა, უამინდობას ვითარების გართულება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები






