მოგესალმებით,
გახლავართ სტუდენტი ირაკლი უ.
ჩემი წინაპრები მე-19 საუკუნის კავკასიური ომის მსხვერპლნი არიან, და, ომის დამთავრებისთანავე, მუჰაჯირები გახდნენ – ჩერქეზეთიდან აფხაზეთში გადასახლდნენ და ქრისტეს მრწამსი მიიღეს.
150 წლის შემდეგ 1993-ში, ჩემი მამა-პაპა აფხაზეთიდანაც გამოაგდეს და ამჟამად დევნილი ვარ. ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა ქართველი ერის დიდი ტკივილია, მაგრამ ჩვენს ერს ბევრი სხვა გასაჭირიც აქვს: სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მორალურ-ეთიკური.
გლობალიზაციის პირობებში ყველა ერი კარგავს იდენტობას საკუთარ თავთან, და ხდება ერთი საერთო მსოფლიო სივრცის ნაწილი. ეს ყოველივე კარგია, მაგრამ ამას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. და თვენ ეს ჩემზე უკეთ იცით.
ჩვენ ვართ განაპირა ქრისტიანული ქვეყანა, კავკასიური ქვეყანა.
წარმართობის დროსაც კავკასიელი ხალხი ყოველთვის ტრადიციულობით და ვაჟკაცურობით გამოირჩეოდა, და კავკასიელის სული ჩვენს რელიგიაზე ძველია.
იქნება ეს ჩერქეზი, ჩეჩენი, ლეკი თუ ქართველი – ერთი ტრადიციის ხალხი ვართ, მიუხედავათ ჩვენი განსხვავებული მრწამსისა.
რა ხდება დღეს მთელს მსოფლიოში?
გლობალიზაცია გვაიძულებს „ძალით“ ლიბერალობას. ლიბერალობა მშვენიერია, მაგრამ ლიბერალიზმი და სხვისი უფლებების პატივისცემა იქ მთავრდება, როდესაც ჩვენს უფლებებს ეხებიან – ჩვენი, მართლმადიდებელი, მუსლიმი, ზოგადად მორწმუნე და ტრადიციული, ბუნებრივი, ჯანსაღი მიდრეკილებისა და მოთხოვნილების ხალხის უფლებებს.
ევროპაშიც, სადაც დარჩა საღად მოაზროვნე ტრადიციული ადამიანები, იმის გამო რომ ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს და უნდათ განუდგენ ცოდვას, არ გახდნენ ცოდვის და გარყვნილების დიდი „მანქანის“ ტაშის დამკვრელნი, იცვლიან მრწამსს და გადადიან ისლამზე. გერმანიაში წელიწადში 40 ათასამდე ადამიანი ისლამს ღებულობს და ამათგან ნახევარზე მეტი ეთნიკურად გერმანელია.
ქრისტიანული სამყარო იხრწნება, ჩნდება მრავალი ქრისტიანული კონფესია, რომელიც ქრისტეს ქადაგებისგან და ზოგადად უფლის კანონებისგან ძალიან შორსაა.
მე დავდივარ ეკლესიაშიც, მეჩეთშიც, სინაგოგაშიც – ყველგან, სადაც ღვთის სახლია.
სიმართლეს გეტყვით, მუსლიმების თეთრი შურით მშურს. მეჩეთში ირანელებიც შედიან, ჩეჩნებიც, სუდანელებიც, აჭარლებიც – და ერთმანეთს ძმებს უწოდებენ. ისინი მარხულობენ, ტრადიციებს იცავენ და უყვართ თავისი სამშობლო არა მარტო სუფრაზე ლამაზი სიტყვებით, არამედ ურთიერთთანადგომით და თუ საჭიროა იარაღით ხელშიც.
ჩემი ჯანმრთელობის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჯარში სამსახური, არა და დიდი სურვილი მქონდა. და ხშირად, როდესაც სუფრაზე ვარ და ჩვენი, ქართველი ბიჭები, რომელთაგან უმრავლესობა ეწევა და თვრებიან ღვინით, ძალიან ლამაზი სიტყვებით მოიხსენებენ იმ გმირებსა და იმ წინაპრებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს. ყოველთვის ვეკითხები:“თუ ასე გიყვართ საქართველო, რატომ არ წახვალთ ჯარში სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით?“ იმავე წუთას მხვდება ბევრი გაღიზიანებული მზერა და თავიანთი დედების პატიოსნების დამტკიცების გზით მიხსნიან, რომ ქართველობა ჯარს კი არ გულისხმობს, არამედ „ჯიგრობას“ და „კაცობას“, თუმცა მათი უმრავლესობისთვის კაცობა ჩხუბის უშიშრობა და ძმაკაცებში ფულის დახარჯვაა.
ჩვენი მეზობელი ჩეჩნეთი – ძალიან საინტერესო პრეცედენტია კავკასიური სულის აღორძინებისა. ჩეჩნებმა ბევრი უბედურება გადაიტანეს და ის, რაც ხდება ჩეჩნურ საზოგადოებაში დღეს, ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ჩეჩნეთი დღეს პრორუსულია, მაგრამ ამასთანავე დაიწყო ძლიერი „რელიგიიზაცია“ და სპორტის, ჯარისკაცობის და ვაჟკაცობის აღორძინება.
შეიქმნა ბევრი საკადეტო კორპუსი, სადაც 14 წლიდან ბიჭებს ღებულობენ. ასწავლიან მრწამსს, სხვადასხვა მეცნიერებებს, კავკასიურ ეთიკას, ერთმანეთის პატივისცემას და ამასთანავე სამხედრო საქმეს, რადგან ყველამ იცის,რომ ადრე თუ გვიან ეს ერი ისევ იარაღს დაიჭერს ხელში.
ბევრ ჩეჩენს ვიცნობ. არცერთი არ ეწევა, არ სვამს, დღეში 5-ჯერ ლოცულობს. თითქმის ყველა სპორტითაა დაკავებული და ჯარმოხდილია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნამდვილი კავკასიელები არიან.
ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ასეთები ვიყოთ?
ამ წერილს გწერთ იმისთვის, რომ უდიდესი სურვილი მამოძრავებს და მზად ვარ ჩავერთო ამგვარი ქართულ-ქრისტიანული ინსტიტუტების შექმნაში, სადაც ყმაწვილები მართლმადიდებლობასაც, ფილოსოფიას, სხვადასხვა მეცნიერებებს, ენებს, შეისწავლიან, და პარალელურად თავდაცვის სამინისტროს ეგიდით სამხედრო საქმესაც. 18 წლის ასაკში ესენი დაამთავრებენ სწავლებებს და ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქნებიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქართველობისა და მართლმადიდებლობის, პატრიოტიზმის ბურჯი.
მიმაჩნია, საპატრიაქრქოს შესწევს ძალაც და რესურსიც, და, იმედია, სურვილიც აქვს, რომ დაიწყოს ასეთი ქართული საქმე.
გისურვებთ დღეგრძელობას და სულიერ სიმშვიდეს.
წყარო: http://pco.ge/
მასალის გამოყენების პირობები






