თბილისის საკრებულოში პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობენ.
უკვე ცნობილია, რომ ამ ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა იგეგმება.
საკრებულოს უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ პუშკინის ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობა, იქ არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის.
„ამ ისტორიული გალავნის გაუქმება და ზემოდან გზის გადავლება, ნამდვილად, დიდი დილემაა. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თბილისის მთავრობამ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას და თბილისში კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილის გაუქმებას მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ პროექტში წინა ხელისუფლების დროსაც ბევრი ხარვეზი იყო და აუცილებელია, რომ ახლა ყველა დეტალი შესწავლილი იყო.
„წინა ხელისუფლებამ გამოაჩინა ეს გალავანი, მაგრამ საშინლად მოექცა მას. არ უნდა განმეორდეს ის, რომ პროექტს რაც დააკლო სააკაშვილმა და უგულავამ ის დაუმატოს ახალმა ხელისუფლებამ. თუ ამოსავალი წერტილია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ფაქიზად მოვლაა, მაშინ პროექტი ძალიან კორექტული უნდა იყოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდრომარის გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით კი, პროექტი თბილისის კულტურულ გარემოს არ დაარღვევს.
„უნდა გაკეთდეს პანდუსი, რომელიც ბარათაშვილის ხიდს შეუერთდება. ის არანაირად არ დაარღვევს თბილისის კულტურულ გარემოს. ყველაფერი ისე გაკეთდება, რომ ისტორიული გარემოშენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






