საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი სიტყვით გამოვიდა უკრაინაში მიმდინარე კონფერენციაზე - „მუნიციპალური კონსოლიდაცია ევროპაში: მუნიციპალიტეტთა გაერთიანებისა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული ტენდენციები და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები“. მინისტრის მოადგილემ 15-მდე ევროპული ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი ტენდენციების შესახებ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
კონფერენცია მუნიციპალიტეტთა გაერთიანების საკითხით დაინტერესებული ქვეყნებისთვის გაიმართა. მსგავსი სახის შეხვედრებზე, ევროპის დემოკრატიისა და მმართველობის კომიტეტის (CDDG) გადაწყვეტილებით შექმნილი სახელმწიფოთა „ჯგუფის“ წარმომადგენლები, ერთმანეთს ამ მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ. პროცესში ჩართულნი არიან ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, როგორიცაა: ესპანეთი, ავსტრია, პოლონეთი, ლატვია და სხვა.
კონფერენციის მიზანი, ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან ერთად, არის უკრაინის მთავრობისთვის დახმარების გაწევა, მუნიციპალური კონსოლიდაციის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. კონფერენციაში მონაწილე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, ორდღიანი მუშაობის შედეგად, უკრაინის მთავრობას წარუდგინეს ნათლად გაწერილ სახელმძღვანელო პრინციპები, მუნიციპალური კონსოლიდაციის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
25-26 სექტემბერს კიევში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი უკრაინის რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და მუნიციპალური ეკონომიკის სამინისტროა. პროექტი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თენგიზ შერგელაშვილი ოფიციალურ ვიზიტს უკრაინაში, მცირე სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრებით, დღეს დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






